გიგო რიონელი (გიორგი გახოკიძე)
გაზიარება

გასართობი გონებისთვის ექსკლიუზივი

  კუბიკ-რუბიკი.
  რუბიკონი...
  აწყობილი კუბიკი.
  თოკი მარყუჟიანი.
  მარიონეტი.

  წყვდიადი აღვწერო? - ამას ფხიზელი ადამიანი სჭირდება.
  ნათელი აღვწერო? - ამას მთვრალი ადამიანი სჭირდება.
  სამყარო აღვწერო? - ამას ადამიანი საერთოდ არ სჭირდება.
  ღმერთი აღვწერო? - ამას ნათელ-წყვდიადი სამყარო სჭირდება.
  ღირს არს ჭეშმარიტად!!!
  ჭეშმარიტება არს ღირსი სიმართლისთვის...

  ფერთა გამა. არჩავანში თავისუფლება. მოძრაობაში მყისიერება და სხარტი აზროვნება. თვალის ცეცება... ჰაერი ითხოვს დამოუკიდებლობას. ზეციური საყვირის ხმა მიმოიფანტა არე-მარეში. მთვარე ვიღაცას დასარტყამი ინსტრუმენტი ჰგონია. მუსიკოსი ხელში ორი ხით მომარჯვებული ეტიუდს აწყობს საყვირთან ერთად.
  მხოლოდ ორი ინსტრუმენტია.  
  უშრეტი ენერგია.
  იუპიტერის ოვალურ სიმს კოსმოსურმა ხომალდმა ჩამოჰკრა. აჟღერებული მელოდია, ტალღებად გარდაიქმნა გალაქტიკაში.
  ღმერთი ისმენს. მისი ნებაა ყოველივე...

* * *
  ჰალსტუხის შეკვრა დაავიწყდა დილა-ადრიან. (არც იცოდა) მარიონეტი იხმო:
  - შემიკარი.
  - ახლავე!
  წინდების ამოცმა დაეზარა. ისევ მარიონეტი იხმო.
  - ჩამაცვი.
  - ახლავე!
  ესევ მარიონეტი...
  - თქვენი ესკორტი მზად არის ბატონო!
  მოქაჩა მარყუჟიანი თოკი. მარიონეტიც შეფართხალდა...
  - დავაშავე ბატონო, რამე?
  - არაფერი. - მოჰყვა პათოლოგიურ ხარხარს.
  კისერ-მოღრეცილი უმზერდა ბატონს. - კიდევ კარგი უსულო ვარო. - გაიფიქრა მისთვის.
  - სამომავლოდ, რომ არ დააშავო, იმისთვის. იცოდე დაგანაწევრებ, თუმცა რაღა დარჩა შენგან საცოდაო?! თითებიც კი მტკივა შენი მართვით. ტვინზე აღარაფერს ვამბობ.
  - გასაგებია ბატონო!
  - იუპიტერზე მივდივართ.
  - რატომ ბატონო?
  - ყურთასმენა წამართვა ვიღაცამ.
  - კუბიკ-რუბიკის წახნაგებზე მოგიწევთ ბატონო სიარული. შეძლებთ?
ისევ მოგაჩა მარყუჟიანი თოკი პატრონმა.
  - წინ შენ წახვალ! ფერებსაც შენ აარჩევ.
  - არასოდეს მითამაშია ბატონო!
  - მოთამაშე გვყავს. ის დააწყობს ფერებს. შემდეგ გავივლით.
  - კარგით ბატონო!
  - ჭკუა სუსტი და უემოციო რამე ხარ!
  - მტკივა ბატონო. ჩემი ჩამონათალი გვერდები მტკივა. ასე დანაწევრებული ვერ გავივლი. აღსადგენი ვარ. იქნებ ოსტატთან მიმიყვანოთ?
  - ვისთან?
  - მარსზე აღმოაჩინეს. ყოფილა ერთი ღვთისნიერი ოსტატი. მარიონეტებს ჯანსაღ სისხლს უსხამსო.
  - იდიოტო... ვერ ეღირსები გადასხმას მარსზე! შენისთანები დედამიწის წყვდიადში დაიდებენ ბინას.
  - გმადლობთ ბატონო! მე გითხარით უბრალოდ, რათა უკეთ გემსახუროთ.
  - ვერ მომატყუებ, არსად არ წავალთ ვრჩებით აქ.
  - კარგით ბატონო!

* * *

  გასართობი გონებისთვის...
  სამსახური გალაქტიკაში.
  უმუშევრობა დედამიწაზე.
  მასხარაობა და ჯამბაზი.

  ნაყიდი ვარსკვლავი. კიბე აღმართული უსასრულობაში...
  ანათებს და კაშკაშებს. ბედნიერია... სამომავლო საცხოვრებელი აქვს. იქვე მეზობლად სხვა სახელმწიფოების დროშები ფრიალებენ. წყდიადში ბინა?! – „საუცხოოა“. იქნებ მოაწყოს კიდეც ასტრალური საგნებით, მაგრამ ჯერ კუბიკ-რუბიკი უნდა ააწყოს და თან წაიყოლოს უსასრულობის კიბეზე მიმავალმა, რათა კამათელივით გააგოროს და გზა განაგრძოს შეძენილი ვარსკვლავისაკენ. არეული ფერები... დაულაგებელი განწყობა, შეუცნობადი სამყარო, რომელშიც გაფითრებული დაეხეტება. მისი პათოლოგიური განწყობილება სიყვარულისადმი აძლევს ძალას ირგვლივ ყველა და ყველაფერი სძულდეს. მას უყვარს, მაგრამ აზრი თავისუფალი მისთვის კანონგარეშეა! ყური გალაქტიკაში დატოვა. - დედამიწაზე არ მჭირდებაო. ხელის შემშლელიაო. - ზოგადი ადამიანი, ფაქტობრივი წუთიერება, წამებში შერცხვენილი გონიერება; დაუსაბუთებელი ინტრონიზაცია; ფიქრი განდიდებაზე ყველას შეუძლია.
  მეფეთ-მეფე მკვდარია!
  სკიპტრა მუზეუმში დევს.

  - გამოცდილი ქურდი მჭირდება.
  - რა თქვით ბატონო?
  - შენ ნუ ისმენ.
  - დიახ ბატონო, მაგრამ ქურდი რისთვის გჭირდებათ?
  - ჯადოსნური სკიპტრა მჭირდება.
  - რისთვის ბატონო?
  - რუბიკონს უნდა მოვუქნიო. მცნება უნდა შევაცვლევინო.
  - რატომ ბატონო?
  - მეშინია მართებული ნაბიჯების.
  - ნაბიჯებს ფეხები სჭირდება ბატონო და არა რუბიკონის განმარტება.
  - მართალი ხარ, ხო იცი შენ?!
  - გმადლობთ ბატონო.

  ფეხი საფეხურზე... მაგრამ სიმაღლის ეშინია.
  გადახურვითი სამუშაოები წამოიწყეს მსოფლიოს წამყვანმა არქიტექტორებმა.

  - ვერავინ ჩამომაგდებს!
  დამშვიდებულმა დადგა პირველი ნაბიჯი უსასრულობის კიბეზე.

  დღეს ზეიმია დედამიწაზე!

  - რას ავღნიშნავთ, ხომ არ იცით? - ეკითხებოდნენ ერთმანეთს თვალახვეულები.
  - წყვდიადის დღეს ავღნიშვნავთ. - უპასუხეს უხელოებმა.
  - მართლა? - გაიფიქრეს ენა ამოჭრილებმა.
  - ....... - თითები აათამაშეს მუნჯებმა.
  - ცისფერ ეკრანებზე გადასცემენ? - იკითხა მაყურებელმა.
  - წყვდიადის ზეიმს? აუცილებლად! პირდაპირი ეთერით.

* * *
  თამაშის წესები.
  დადგენილი კვადრატები...
  ფერთა ცვლილებები!
  თანწყობილი გაურკვევლობა...
  მარიონეტები - თავისუფლება?!
  თავისუფლება - საქონელი, ფულის ერთეულად და მარიონეტად ქცეული?

  - საქონელი შეფუთული გნებავთ თუ ჰაერში გავუშვათ როგორც მტვერი?
  - არ გაბედოთ გაშვება ჰაერში, დავიღუპებით!

  მოთამაშე გამოჩნდა. ეახლა თვით ბატონს.

  - ვერ შევძელი ბატონო აწყობა?
  - რატომ უტვინო?
  - უტვინო არ ვარ ბატონო, უხელო ვარ და აბა, როგორ?
  - გალაქტიკის მბრძანებელმა გშთანთქოს პრიმიტივო!
  - რატომ ბატონო? განა თვითონ არ მოჰკვეთეთ ხელები, ამოაჭერით ენები?...
  - სად არიან იეზუიტიზმის მსახურნი?
  - ერთ შენობაში ბატონო. - უპასუხა მარიონეტმა.

  პირნათელობა, პირაკრულობამ შეცვალა.
  მსმენელი დაყრუვდა.
  ციურ ეკრანზე შავი ღრუბელი...
  მშენებლები ხელების გარეშე...
  ღვთის იერნი მაინც შემორჩნენ...
  კუბიკ-რუბიკი ოსტატს ელოდება!
  რუბიკონი - ღირს არს ჭეშმარიტად!!!


14 ივნისი 2009 წელი.

??????