გიგო რიონელი (გიორგი გახოკიძე)
გაზიარება

კენტად შობილი ვყვირი... ექსკლიუზივი

ერთ დროს, დედამიწის გულში ემბრიონად ჩავისახე. ძალიან ვხურდი. არაფრით ჰგავდა დედის მუცელს, არადა დედა დავუძახე, როდესაც ფეხის ტერფებით შევეხე, პირველად. მახსოვს მრავალი ნაბიჯები ნაიარევად ნაჭდევი დედაზე. ერთხელ შევეკითხე:
-    შენ ვინ გშვა-თქო?
არაფერი მიპასუხა. მეტად გაშავდა.
ვიფიქრე: დედას ირგვლივ შემოვუვლი და იქნებ ვიპოვო ადგილი მასზე, სადაც ფერი ისეთივე ექნებოდა, როგორც ედემის ვაშლს. შემეშინდა; რადგან, ირგვლივ მიცვალებულებს შემოუვლიან-ხოლმე. თითქოს მზრუნველი შვილი ვიყავი! დავიჯერე ჩემივე ნაბოდვარი და გადავწყვიტე ხელით მის საბურველს შევხებოდი.
ხელს ბაბილონი დავარქვი...
აი, მაშინ ვიგრძენი დედის გაბრაზება.
შევერიე სხვათა ნაბიჯებს და საკუთარ თავზე გაბრაზებული ხმას არავის ვცემდი.
ირგვლივ ქაოსი...
არეულ ნაბიჯებს ფიქრებად დავსდევდი. მეტყველებდნენ, მაგრამ არ მესმოდა მათი. არც ჩემი ესმოდათ.
ღამემ მომისწრო.
დავწექი დედის მოცელზე და მეორე კითხვა დავუსვი:
-    მამა, ჩვენი, ვინ არის?
არაფერი მიპასუხა კვლავ, უბრალოდ გათენდა... ტანს მეხამუშა, ცივი სხეულის სრიალი.
ვერ ვიტან გველებს!
ნათელ დღეს, დედამ ფერი იცვალა.
მეც სიხარულმა შემიპყრო, რადგან სხვებს ჩემი ესმოდათ.
მე ეროვნება მერგო!

ახლოს ვიდექი მომავალთან. ვუმზერდი ფარდო და უკვე დაღლილი, წლების მიერ ჩამობერილი თვალებით. მეშინოდა, არა, დედის არა, მამის...
არავინ ლოცულობდა, არც მე!
დედას თავიდან ვთხოვე ხელი აღემართა, ოღონდ უკვე მეორე, რომელიც ვიცი, წლებში თითებად გაიშლება, მაგრამ მაჯა მისი სუსტი იქნება.

ხელის გულზე ბევრნი ვსხედვართ!
ჩემი სახელია:  ხალხი!
მეორედ ვსტირი...
დედამიწას ცრემლები სდის...
კენტად შობილი ვყვირი:
-    მე ეროვნებას ვკარგავ!


19 ოქტომბერი 2010 წელი

??????