გიგო რიონელი (გიორგი გახოკიძე)
გაზიარება

და ისე შორს… ექსკლიუზივი

გათენებას ელოდა. არაფერი აწუხებდა გარდა ერთისა: რწმენა!

რისთვის რწმენა?

კისერზე ჯვარი და არა მხარზე...

ტკივილი ხორცის და არა სულის!

ირგვლივ მრუშობა, მაგრამ გულში უქონლობა...

 

ვინ მეცენატი, მაგრამ ერთ გროშიანი.

ვინ ერთ გროშიანი, მაგრამ მეცენატი!

 

ის დღე, მუსიკალური რიტმის თანხმლებით გათენდა. კლასიკა იყო... რიტმი  თითქოს უსასრულობაში გადაიზარდა მაგრამ, ჩვეულ, დღიურ ნორმებს შეჩვეულმა მაინც მოახერხა თავის დაღწევა და მუსიკალურ რაბსოდიას დღის განრიგით გათვალისწინებული ქცევითი წესები ამჯობინა. აბაზანაში შხაპი მიიღო. თანამედროვედ ისაუზმა - ყავა. შემდეგ მეგობარს დაურეკა და...

-         „ზდაროვა ძმა“

-         „პრივეტები“

-         როგორ ხარ?

-         გამაღვიძე...

-         მერე რააა?! დაგავიწყდა?

-         და რა დამავიწყდა, იქნებ შემახსენო კვერცხო?

-         ბიჭო შე... მართლა დაგავიწყდა? აბა საათს ახედე ან დახედე!

-         ჰო, რა მერე? ჯერ რვა საათია...

-         რა და... მამალმა უკვე იყივლა.

-         ვინ? პიდარასტმა?

-         შენთვის ეგრე იყოს. ჩემთვის მამალმა... მალე ეკლესიის ზარი ჩამოკრავს.

-         ჩამოჰკრას მერე, მე რა შუაში ვარ?

-         ოოოჰ... კარგი რააა?! „კაიფობ“ უკვე... დღეს მოძღვართან უნდა მიმიყვანო. შესაძლებელია მოვბრუნდე და მრევლი გავხდე, როგორც შენ.

-         ჩემი დე... გამახსენდა... ისე მადლობა, რომ დამირეკე! დამავიწყდა, რომ კვირა დღეა. თან ჩემს სიხარულს უნდა შევხვდე. ხომ იცი, სხვაგან, ჩემთან ერთად არ უშვებენ და ეგ ერთარდერთი „ზახოდია“ ჩემთვის მისი ნახვისა. არადა მაგრად „მევასება“ რა... იქნებ ცოლადაც მოვიყვანო.

-         ჩაიცვი რა დროზე შე ჩე...

-         ჰო, გავიგე! მივალთ და ზარებიც ახმაურდებიან. აბა ჰე...

-         გელოდები, მალე ჩამოდი.

დაასრულეს საუბარი კარის მეზობლებმა, როგორც მივხვდით ძმადნამიცებმა.

 

„განა სიბრძნე არ ღაღადებს და გონიერება არ გამოსცემს თავის ხმას?“

მათ.11:19.1კორ.1:24.

***

 

დღის რვა საათი. ოთახებში მოსიარულე ორი „მჭერმეტყველი“, მაგრამ გასაოცარი ბუნებისა და ერთგულების მატარებლები. უხდებოდნენ ერთმანეთს. „ძლიერ წყვილს“ ეძახდნენ უბნელები.

 

ისე ზოგჯერ როგორ ცდება-ხოლმე ადამიანი?..

დილათ ორივე ციური სხეული ცაზე გაუკრავთ ძმებს „ნაკლეიკებივით“. განა ყველაფერი მათი არაა?

მათ არც პრეზიდენტი ჰყავთ და არც მონა. ნუ გაგიკვირდებათ, შრომის კოდექსი არ გვივარგა! პირობების მიუხედავად მშვენივრად გრძნობენ თავს.

ერთი კბილებს იხეხავს.

მეორე, წინდებს ირგებს.

ის ჩაის მიირთმევს.

მან ყავა გაიმზადა.

უუჰ, უკვე ფეხსაცმელზე თასმებს იკრავს.

მან კი გაასწრო, კარი მოიხურა.

 

დილის ჰაერი, რა კარგად ავლებს ფილტვების ირგვლივ რკალს და სუნთქვაც უმჯობესდება.  დღის ნაფეხურების ხმა ჩაესმით მიმავალთ... ხეთა თვალთუხილავი ჩრდილები მიაცილებენ გზად. ფოთოლთა ნიავსაყოლილი ხტუნვა, ჰარმონიად აკვნესებულნი, შეუმჩნეველი არ დარჩენით მოსიარულეთა თვალებს.   უცნაურია, მაგრამ ეკლესიამდე ჩუმად განვლეს გზა. იმატა მრევლთა სიდინჯემ. თავსაფრიანი დედაკაცები, მოკლეკაბიანი, ტუჩსაცხიანი და უბუსჰალტერო ქალიშვილები. მოლაზღანდარე და პოლიტიკაზე მოსაუბრენი ვითომ ელიტა. გადამრჩენენი ამა ქვეყნისა! არადა ელიტა, ნაკლებ „ელიტარულ“ ეკლესიებში იღვწიან და ლოცულობენ ჩუმად... დღეს მარხულობენ, მაგრამ ხმაურიანად, სხვების გასაგონად. იცით როგორ ჭრის ყურს მათი ხმაური? მტკივნეულია. შეწუხდა ხალხი. სხვებს არ ასვენებენ. იქვე ეკლესიასთან ახლოს დანაყრდება კაცი, ასევე ქალი. ახლოს საფუნთუშესთან დგანან ძმები და სიგარეტს სწევენ. ვეღარ გაუძლეს ეკლესიაში ჭყლეტასა და სიცხეს. საუბრობენ ერთმანეთში:

-         აუ როდის დამთვრდება რა ეგ წირვა? მგონი ჯერ ზიარებაც არ დაწყებულა...

-         ისე მართალი ხარ, იცი?! მეც მეჩქარება სამსახურში, თუ დავაგვიანე მაგრად „დამერხევა“ რაა... შენი შეყვარებულიც არ ჩანს. ეგაა უნდა მოვიდესო?

-         მოვა აბა სად წავა, მაგის...

-         ეეეჰ... რომელია ეგ ტიპი რა, იქნებ მითხრა, შევხედო მაინც „სიფათზე“, ვინ იქნება ჩემი მოძღვარი. თუ არ „დამევასა“ დედას ვფიცავარ აქედან „ვითესებით“.

-         ბიჭო, როგორ „ბაზრობ“ შენ ეეე... შიგ... შენი მოძღვარი უნდა გახდეს, და თან ძააან „საკაიფო“ ვინმეა რააა. პროსტა, რომ მოუსმინო ეგრევე იჭედები „მოზგში“ რაა... „ჩერეზ ჩურ“ მაგარი ვინმეა რა...

-         კაი, შენს ძმობას ვფიცავარ, მჯერა!

-         გახე, რა მაგარი ნაშა გაიჩითა?! მაგარი დეკოლტეააა... კერტები უჩანს რააა... დაბერილი აქ შენს კაცობას ვფიცავარ!

-         აუ ჩემი... ღმერთო, ეს ქალი ხელიდან როგორ უნდა გაუშვა რაა...

-         ჰოდა მიხედე მაგ საქმეს, მე ხო იცი ველოდები ჩემს მუწუკას.

-         რა მუწუკას, ბიჭო ეეე?!..

-         ამასთან შედარებით მუწუკააა ძამია... - არ დააყოვნა ხარხარი ძმამ. მას მოჰყვა ექოდ ისევ ხარხარი.

-         აბა მე გავყევი!

-         მოიცა არსად გიწევს გაყოლა ძმა. აი ჩვენი საფუნთუშისკენ უწევს გული გოგოს.

-         მერე მეც შევალ რა...

-         შენი ნებაა...

-         იცით, სამარხო ხომ არ გექნებათ რამე?

-         სამარხო, თქვენი გემოვნებით. რას აირჩევთ ქალბატონო?

 

საშინლად ცხელოდა საფუნთუშეში...

ერთად შევიდნენ ეკლესიაში.

ის წინ.

ძმები უკან.

ის თავსაბურავით.

ძმები გონება შიშვლები...

 

„უფლის შიში დღეებს უმატებს, უკეთურთა წლები კი მოკლდება.“

იობ.8:13.ფსალმ.111:10.

 

 

***

გუმბათს გასცქერის ტრიო,

მათ შორის ერთი ღიობს,

მკერდში ჩაკარგულ ჯვარზე,

მესამე ამყნობს თვალებს.

 

წირვა დასრულდა. ქადაგება დაიწყო. უსმენს ერი მას. ზოგიერთის გაბადრულ სახეებს ეგებებიან სხვათა შეფაკლული, გაუცხოებული და გაოცებული სახეები. ერთნი თვალებით ხატებს უმზერდნენ, მეორენი კი თვალებს  აპარებენდნენ, თითქოს ერთმანეთის გადასანახულებლად მისულიყვნენ ეკლესიაში.

მზე უკვე გუმბათს უახლოვდებოდა, შუადღე დამდგარიყო. ბიჭები ისევ ეკლესიის ეზოში ხის ჩრდილში იწონებდნენ თავს. მოპირდაპირე ხესთან შეყვარებული შენიშნა მეგობარმა. ხელის მტევნის მოძრაობით ანიშნა, რომ მასთან მოსულიყო. გოგონამ დაინახა და მისკენ წამოვიდა.

-         გაიცანი, ჩემი ბავშვობის მეგობარი.

-         სასიამოვნოა!

-         ჩემთვისაც!

-         დღეს მოძღვარი უნდა გავაცნო.

-         კარგია. - მოკლე პასუხებს ანიჭებდა უპირატესობას გოგონა.

-         არ ვიცი, რა იქნება, შევძლებ თუ არა აღსარების ჩაბარებას?!

-         ჯერ უნდა მოემზადო აღსარებისთვის.

-         ეს ყველამ ვიცით.

-         შენთვის ვინ არის უფალი? - კითხვა დაუსვა ახალგაცნობილმა ჭაბუკმა.

-         ჩემთვის უფალი, უფალია და მეტი არაფერი.

-         რა კითხვებს სვამ ვაჟკაც? ღმერთი ხომ მარტო მცნება არაა?!..

-         ვიცი და განა სხვას ვითხოვ რამეს მისგან...

-         აი გამოვიდა. წამოდი გაგაცნობ!

-         დამლოცეთ მამაო! - თავდახრილი მიუახლოვდა ის, უცვლელად გაიმეორა ყველაფერი მეორემ.

-         ღმერთმა დაგლოცოთ! - გასცა პასუხი მამაომ მორჩილებით!

-         მამაო, ჩემს მეგობარს სურს, რომ მისი მოძღვარი გახდეთ.

-         ადრე გყავდა მოძღვარი შვილო?

-         არა მამაო.

-         მაშ ეს ეკლესია შენი პირველი სავანეა?

-         შეიძლება ასეც ითქვას.

-         და მე შენი უკანასკნელი მოძღვარი, არა?

-         დიახ! ჩემი სურვილია, თუ ადგილი არ შევიცვალე. მაშინ ვერ იქნებით უკანასკნელი, მაგრამ პირველობა თქვენს ხელთაა.

-         სასიამოვნოა შვილო ჩემო. გონება გიჭრის!

-         ვცდილობ მამაო!

-         ეს ერთი კვირა იარე შვილო ეკლესიაში. მინდა გხედავდე და დაგაკვირდე, შემდეგ აღსარებისთვის მოგამზადებ. თანახმა ხარ?

-         უპირობოდ მამაო!

-         მუშაობ შვილო?

-         არა. მამაჩემი ცნობილია თქვენსას დ არა მარტო...

-         შენ, იმ მეცენატის შვილი ხარ?

-         დიახ მამაო!

-         უფალს ებარებოდეთ შვილო!

-         დიდება უფალს!

-         ხვალ გელოდებით ორივეს.

-         მოვლენ მამაო აუცილებლად! - გასცა ენერგიული პასუხი გოგონამ.

-         ნახვამდის.

-         მშვიდობით იარეთ!

 

***

 

ტრადიციულ ოჯახში აღზრდილები, ტრადიციულად საქეიფოდ მიდიოდნენ ტრადიციულ რესტორანში. ქვაფენილითა და ძველ სტილში გადაწყვეტილ ოდას, მხოლოდ ადამიანები აკლდნენ... დღეს ისინი სტუმრობდნენ. შემოთავაზებულ კერძებში, ქართული, ჩაჟუჟული სურნელი იგრძნობოდა. მთისა და ბარის გამაერთიანებელი სითხეც შემოიტანეს და ტაბაკზედ განათავსეს.

-         ღომს როგორ მიირთმევთ: თეფშე თუ ტაბაკზე?

-         ტაბაკზე სჯობს, არა? რას იტყვი?

-         გავსინჯოთ, რა მიდის ჩვენი?!

-         ტაბაკზედ.

-         კარგით.

-         დღეს მეგობრებო, ხვალინდელ დღეს ვლოცავთ, ჩვენი მეგობრისთვის კი განსაკუთრებული და განწმენდის დღეს.

-         კარგით რაა... არ გინდათ. სხვა უფრო საინტერესო მიზეზი გაქვთ საქეიფოდ თქვენ. მე რად მომაკერეთ ნეტავ ვიცოდე?! ღადაობთ ტიპები. ვერ მოგიწონეთ საქციელი. არაფერია აქ საკაიფო.

-         ჩვენ ბოდიშით! - თვალი ჩაუკრა თამადამ გვერდით მჯდომ პირსავსე და სახეოფლიან მეგობარს.

-         ჩვენს მეგობარს, მივულოცოთ მეგობრებო გამარჯვება. ხედავ მაინც შენამდე მოვდივართ? შენს ირგვლივ ტრიალებს „კარუსელი“ ძმა. გამარჯვებით გევლოს! მთავარია ჩვენ არ დაგვივიწყო. ხალხი მაინც ბრბოა და თავებსაც გაიტანენ, თუნდაც უკიდურეს გაჭირვებაში ჩავაგდოთ. შენის წყალობით ჩვენ ვიყოთ ფეხზე და მეტი არაფერია ამ ქვეყანზე სანატრელი. სუფრას მე ვიხდი. არავინ შემეკამათოს!

-         არც ვაპირებთ. - გასცა პასუხი მომღიმარმა გოგონამ.

-         შენ შემოგევლე მე... მიყვარს გოგონები სუფრასთან. ალამაზებთ ჩვენს ერთფეროვნებას.

-         მეტი არაფერი?

-         ყველაფერი ანგელოზებო, ყველაფერი ხართ!

-         უღრმესი მადლობა დღეგრძელობისთვის! - ყურადღება გადმოიტანა საკუთარ თავზე მოქეიფე მეცენატის შვილმა.

აღრეულ სუფრას გამოაკლდნენ თანამონაწილენი. დაწყვლდნენ მოქეიფენი და სასტუმროს ნომრებში განაწილდნენ.

მოგებული არჩვენები.

მივიწყებული მოძღვარი...

აღსარებისთვის მზადება, არასოდეს არის გვიანი.

 

გვიანი ღამე, ბზრიალა გონება, მანქანის უკანა სავარძელში გარდი-გარდმო მსხდომნი ლამაზმანები. ღამის ორგია და თავაწყვეტილი შეგრძნებები. დაუოკებული ვნება და სიყვარულში გაზავებული სექსი. ფიქრებში გაპარული აზრები. მოძრავი თითები თმებში, ტუჩზე აკრული ჟრუანტელი, მკერდზე გაკრული თოთო მზერა, ლილისფერი ჭერი და მასზე მიბჯენილი ფეხის ტერფები... მცოცავი ეშმაკი, უბიწოს სახით კედლებზე. არა სცალია ფიქრებისთვის... დასრულებული ღამე, ახლოს ნათება და საკუთარი თავის ზიზღი. იატაკზე მიმოფანტულ შიშველ სხეულებს თვალი შეავლო, ზიზღი ისევ სურვილმა შეცვალა, ისევ დაკოცნა კიდეები მათი და ტანთა შმუშვნის ხმაზე ფეხაკრეფით განერიდა მათ. აბაზანას მიაშურა. ჯაკუზში ჩაწვა, ნახევარ საათს დაყოვნდა. შეიმშრალა და სუფთამ, ისევ დაბრუნება არჩია საწოლში. არავინ დახვდა ოთახში. შარვალი ჩაიცვა.; საფულეში ჩაიხედა. არაფერი ებადა. პირწმინდად გაეძარცვათ ან იქნებ უბრალოდ გასცა. მოკლედ არ ახსოვს.

საშველად უხმო კვლავ ბავშვობის მეგობარს, ძმადნაფიცს.

-         დღეს რას ვაკეთებთ?

-         აბა მე რა ვიცი?! რაც გინდა... ფული არ მაქვს.

-         შენ და ფულის უქონლობა? ღადაობ...

-         ახლა არ მაქვს. წუხელ თავი დავკარგე... სრულ ნეტარებას დავუთმე სხეული და შესაბამისად გამძარცვეს.

-         არავის გაუძარცვიხარ. სუფრის საფასური შენ გადაიხადე.

-         აუ არ მახსოვს... ნაღდად?

-         ჰო, ეგრეა.

-         ღამის კლუბში ვართ დაპატიჟებულები. დღეს ღამით უკეთესად ვიქნებით.

-         აუჰ, არაფრის თავი არ მაქვს.

-         საღამომდე ყველაფერი კარგი... გამოხვალ.

-         წამო რა, რამე ვჭამოთ.

-         რას ინებებს და რომელ რესტორანს? ფულს მე ვიხდი! - გულით ხარხარებდა მეგობარი.

-         სადაც გინდა და რაც გინდა. მე ყველაფერზე თანახმა ვარ!

 

მოლხენა ღრეობა, ტრუსების მზეობა...

ღამის კლუბები, იქვე ...

შიგნით სასმელი, გარეთ ნარწყევი.

ფერადი შუქები, თვალის გუგები

ფართო და იარაღი ახლოს...

 

სხეული ცეკვისგან დაენამა, გულის ცემა გახშირდა, მოთხოვნა მატულობს თან ჭიქაში სასმელი იკლებს. „აბსენტი“ აფერადებს გონებას, „მარტინი“ ათრობს... ფიქრები გაშრა. ვნება დასველდა. შარვლაზე დაიხედა - ჩაიფსა... არჩევნებში გამარჯვებულმა ჩაიფსა.

-         მეგობარო იარაღი გიჩანს.

-         ჩემი მეგობარი სად არის?

-         მე რა ვიცი?!

-         შენ ვინ ხარ ან რა შუაშია იარაღი?

-         ისე უბრალოდ შარვალი შეიკარი!

-         შენ იცი მე ვინ ვარ?

-         ვინც არ უნდა იყო, ჩემთვის სულ ერთია. როგორც გინდა მეგობარო. შენი ნებაა. უბრალოდ დაცვას სულ სხვა იარაღი აქვს რკინისაა.

-         სად არის ჩემი მეგობარი? სახლში მინდა, დავიღალე!

-         სახლში ხომ არ გაგაცილოთ? - გოგონას ხმამ გააცილა კარამდე.

დაბნეულმა ახედა... - იფ რა ნაშა ხარ! ვინ ხარ ცუღლუტო? მეცნობი...

-         არავინ. არ არის საჭირო. სახლში გავიცნოთ ერთმანეთი.

-         გმადლობთ ლამაზო!

 

ისევ გვიანი ღამე, ბზრიალა გონება, მანქანის უკანა სავარძელში გოგონა. ღამის ორომტრიალი და თავაწყვეტილი შეგრძნებები. დაუოკებული ვნება და სიყვარულში გაზავებული სექსი. ფიქრებში გაპარული აზრები.

დილა წითლად მოაწვა თვალებს. იფშვნეტს, მაგრამ მაინც ეწებება ისინი. წყალი შეისხა და რეალობას დაუბრუნდა. სასტუმროს მისაღებში ჩავიდა ლიფტით. იქ ნაცნობ სახეს მოჰკრა თვალი. აშკარად გრძნობს მასთან სიახლოვეს. - ღამით მარტო არ ვყოფილვარ?!

-         უკაცრავად, გოგონა თქვენ მიცნობთ? - რიდის გარეშე დაუსვა კითხვა.

-         კი გიცნობთ. - დამტვრეული ქართულით გასცა პასუხი.

-         წუხელ...

-         დიახ, წუხელ, მაგრამ არაფერი...

-         არაფერი?

-         ჰო, ძალიან ცუდათ იყავით. კონსიერჟს ჩავაბარე თქვენი თავი. მე ჩემს ნომერში წავედი.

-         აბა ყველაფერი ჩემი წარმოსახვა იყო?! აქ ცხოვრობთ?

-         დიახ.

-         თქვენ სად ცხოვრობთ?

-         აქვე ახლოს. საკმარისად დიდი სახლი მაქვს. საპრეზიდენტო რეზიდენციას ჰგავს ჩემი სახლი.

-         ხუმრობთ?

-         დიახ, დიახ! გატყუებთ, ერთი ხელმოცარული მეცენატის შვილი, ვარ.

-         ხელმოცარული, როგორ გავიგო? - ვერ მიხვდა სიტყვის მნიშვნელობას გოგონა.

-         მოკლედ, ერთ გროშიანის.

-         გროშიანის? - ისევ დაიბნა კულულთმიანი. გაიღიმა.

-         მაპატიეთ. ერთ თეთრიანის.

-         უკვე გასაგებია. - გემრიელად გაიცინა ახალგაზრდამ.

-         ბიზნეს ვიზიტია?

-         ასე ჩავთვალოთ.

-         თქვენც იყავით ღამის კლუბში?

-         კი.

-         რა ჰქვიათ?

-         ქეითი.

-         მე დეივიდი.

-         უცნაური ხალხი ხართ ქართველები.

-         რატომ?

-         შეგეძლო გეთქვა, უბრალოდ დათო.

-         თქვენც მაკვირვებთ...

-         რითი?

-         ენათმცოდნეობით. ქართული კარგად იცით.

-         მხოლოდ მშობლიური და ქართული ვიცი.

-         ჩემთვის საკმარისია, რომ პოლიგლოტი  გიწოდოთ. დარწმუნებული ვარ რუსულიც იცით.

-         შესაძლოა. დაგჭირდებათ ჩემთან ურთიერთობისას?

-         არა.

-         მაშინ „სიმპატია“ სხვაგვარად შეგიძლიათ გამოხატოთ. თქვენ სხვა სიტყვას იყენებთ. არ მახსოვს რთული სიტყვაა.

-         ქათინაურს გულისხმობთ ალბათ. შეიძლება თქვენთან დავჯდე?

-         რა თქმა უნდა. - ჩამოჯდა. დამატებით ერთი, ცივი, უბრალო წყლით სავსე ჭიქა მოითხოვა. სასმელი დასანახად არ უნდოდა.

-         გოგონასთან ასე არასოდეს ვმორცხვობ. წუხელ მართლა არაფერი გვქონდა? - თავი დახარა და შესამჩნევად გამოსცრა ღიმილი ტუჩებიდან.

-         გინდოდათ?

-         არ ვიცი. არაფრის თავი არ მქონდა. გამომივიდოდა რამე?

-         დარწმუნებული ვარ, რომ არა. - სიცილი ვერ შეიკავეს.

-         სასაცილო ვიყავი არა?

-         ძალიან!

-         დღეს თავისუფალი ხართ?

-         არა. მაბამთ? - გაეღიმა! - გუშინ გაცილებით უკეთ გამოგდიოდათ. თვალებში მაინც მიყურებდით.

-         ჰოო? ე.ი. არ გცალიათ.

-         დიახ. მე ხომ სამ დღიანი ვიზიტით ვარ.

-         როდის გეცლებათ?

-         როცა დაგირეკავთ. –

უბის წიგნაკი ამოიღო და ნომრის ჩაწერა დაიწყო კალმით, რომელიც გულის ჯიბიდან ამოაცურა. - არ არის საჭირო. წუხელ უკვე მომეცით.

-         არ მახსოვდა.

-         არაფერია!

-         დაგელოდებით!

განსხვავებული ჰაერი ჰქროდა დღეს, ქალის სურნელით გაჟღენთილი. ვარდის არომატითა და გვირილის ფურცლებით გაწყობილ განწყობას დაატარებდა ქუჩებში ვაჟი.

დღის დასასრული, დაწყებული ისტორიის დასასრულს გულისხმობდა.

დღის ბოლოს მისი თვითმფრინავი ჰაერში აფრინდა.

 

***

დასუსტა დღე...

ხმაში წუილი შეეპარა ამინდს. ცივდებოდა. აბები ღამით მთვარეს სთხოვა სამკურნალოდ, მაგრამ ვერ გადაყლაპა. ზღვამაც ვერ უშველა. ყველაფერში დამნაშავე მოსალოდნელი სტიქია იყო. საკუთარ თავს ვერ აპატია ცუნამი, რომელიც მკურნალობის შედეგად იყო გამოწვეული.

გაავდა დღე...

გაავდა ადამიანიც...

მშვიდია უფალი!

დარდი, დააწვა მხრებს. ტელეფონთან მთვლემარეს, უიმედობა დასჩემდა. ისევ ერთფეროვნებაში გატარებული თვეები და მივიწყებული აღსარება. გაუთავებელი ღრეობები და მფლანგველობა. მისი ბედნიერება მოტიტვლებულ მთას ჰგავდა, რომელიც ზვავსაშიშია.

სახეტანით დამშვენდა ამასობაში, და ვაჟი - „კაცად“ იქცა?! გამართულ ბეჭებს ამაყად იხდენდა,  გამოწეულ გულმკერდს ჰალსტუხი უხდებოდა. კოხტად მორგებულ პერანგსა და შარვალს, მოსამსახურის ხელი ეტყობოდა. ახალგაზრდა გოგონა უნდა ყოფილიყო, რადგან ფითქინა საყელოს ელვარება ადამიანს კილომეტრიდან მოსჭრიდა თვალს. კიდევ - უყვარდა მოსამსახურეს ბატონი, რაც მის ხელფასზე აისახებოდა - ასი ლარი. რომ არა სიყვარული, დაუდგებოდა მოჯამაგირედ ას ლარად? თუმცა უპატრონო ბავშვთა სახლიდან განამწესეს დასაქმების პროგრამით. მერე შეუყვარდა. შესაბამისად თანხამაც იკლო. სამაგიეროდ იმატა თბილმა სიტყვებმა.

გახდა მეცენატი, როგორც მამა. აღარ იყო სხვისთვის: - ჰო შენ იმის შვილი ხარ? ხარჭად ჰყავდა, მასზე მეოცნებე მოსამსახურე, უბედური, გოგო. უვლიდა, როგორც ქმარს. რატომ უბედური? უბედური მერე გახდა, როცა მარტო დარჩა ერთოთახიანი ბინის და ნაჩუქარი ნივთების ამარა. დედა არ ჰყავდა მეცენატს. ადრე მოუკვდა სანამ თხრობას დავიწყებდი. თავი მოიკლა. საკუთარი ვილის აივნიდან ისკუპა. ჩვენც ქვაფენილები გვახასიათებს სახლის ირგვლივ, ჰოდა შედეგიც სწრაფი და უმტკივნეულო აღმოჩნდა. საწყალი შეზოიდი იყო. წინაპრებში ჰყავდა თურმე მსგავსი დაავადების მქონე და იგივე მეთოდის გამოყენებით დაღუპული ნათესავი. - გენეტიკა თავისას შვებაო! - იტყვიან-ხოლმე და აა, ბატონო!

ცოლი შეირთო ოცდაათი წლის ასაკში. შვილი არ გაუჩნდა. - არ მისცა ღმერთა! - ამასაც იტყვიან ძველები. გაახსენდა მოახლე და მისი ერთოთახიანი ბინა, რომელიც უსახსოვრა სამარადისო მონატრებად. სუსტსა და გაავდრებულ დღეს ეწვია მას. თანხა დაუტოვა და სუროგატობაზეც დაითანხმა. ცხრა თვისა და ერთი კვირის შემდეგ დაიბადა ბიჭი. ორსულობის მესამე თვეს მოახლე მის მშობლიურ ოთახს დაუბრუნდა. ეს შეთანხმებაში ეწერათ. მეუღლე წინააღმდეგი იყო, მაგრამ მკაცრი იყო ოჯახის უფროსი. უზარმაზარ სამფლობელოს უმკლავდებოდა მეცენატი. დღენი იცრიცებოდნენ, თითებს შორის გამოცრილ ქვიშის გრანულებს ემსგავსა მათი ცოლ-მქრობა. ერთი სულის შებერვა სჭირდებოდა მხოლოდ.

დედა ისევ მოახლეობდა.

დედა ისევ დედობდა.

უკან გადავარცხნილ თმებს მაღალი შუბლი გამოეჩინათ, მაგრამ არა ძარღვი. მაჯის საათს დაატარებდა მუდამ. არასოდეს იხსნიდა. ნათლობის ჯვარს კი საგულდაგულოდ ინახავდა ქისაში, რომელიც თან მოჰყვა. ქისას კი კომოდში. ცუდი სიზმარი ენახა. ცოლს მოუყვა. არაფერიაო უთხრა. - დღეს ის დღე არ არის, რომ აგიხდესო. - ძველების ნათქვამიაო! - დასძინა ბოლოში. - არადა აუხდა! მეორე დღეს ოთხი წლის ბავშვი გადმოვარდა იმავე აივნიდან, სადაც დედამისი ფიქრობდა სიკვდილამდე: - გადავხტე თუ არაო?!

ორმა დედამ დაიტირა საბრალო ბავშვი!

 

***

სად იყო ამ დროს მისი ძმადნაფიცი, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა?

გოგონა, რომელზეც გიჟდებოდა და ეკლესიაში ხვდებოდნენ ერთმანეთს, მოსტაცეს. გოგონამ არჩევანი დარჩენაზე გააკეთა: მაინც არ წამიყვანს, რადგან არ შეჰფერისო ბიჭს მოტაცებული სახლში შეუშვასო. - ესეც ძველების ნათქვამია. იწყინა ვაჟმა.

დღეს კი სად იყო?..

ერთ ოთახიან ბინაში, რომელიც მისმა მეგობარმა აჩუქა თავის მომავალ მეუღლეს.

იმ სუსტ და გაავდრებულ დღეს სახლში არ იყო. მეუღლეს დაუმალა ბატონის სტუმრობა. ორსულობის მესამე თვეს, მან უთქმელად დატოვა სახლი. სახლში მოსულს არ დახვდა მეუღლე ძმადნაფიცს, მაგრამ დახვდა წერილი:

მე შენ არ მიყვარხარ!

მივდივარ!

ძმადნაფიცმა, გროშების გამომუშავებასა და ბოთლების შეგროვებას მიჰყო ხელი. შემდეგ ხსნა ეკლესიაში ჰპოვა. მრევლი გახდა, მაგრამ შიმშილმა სძლია. საეკლესიო ნივთები მოიპარა. მეცხრე თვეს და ციხეში ყოფნის ორი თვის თავზე, პატიმრებისგან გაიგო, რომ ცნობილ მეცენატს შვილი გაუჩენია მოახლისგან. იცოდა, რომ ადრე მის ძმადნაფიცთან მუშაობდა მოახლედ.

 

***

მოტყდა ახალგაზრდა მამაკაცი. საყელო აღარ იყო ფითქინა. უყვარდა მეუღლე და მოახლეც. გრძნობდა სულის ტკივილს, მაგრამ მაინც მისი ქონების შენარჩუნებისაკენ მიილტვოდა. არ ასვენებდნენ, მსახურნი ეკლესიისანი, არც უბრალო რიგითი მოქალაქენი, რომელთა მისწრაფებები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდნენ. ბევრნი სტყუიან, ბევრნი სტირიან, მაგრამ მაინც ყველგან ფულია. ვეღარ აკონტროლებდა ფინანსებს და ამჯობინა ყველაფერი გაეცა.

გასცა საკუთარი თავიც...

 

საკუთრება...

მეტასტაზები...

მცდელობა ჭაობის ამოშრობისა...

 

ორი პირი და მათი სახე. მათთვის განსხვავებული „კერძები და გემოვნება...“ სხეულთ აკრული სამოსი და ძონძებისგან შეკერილი ნიღბები. ერთი ალთას არი და მეორე ბალთას არი.

 

ყვავილთა სურნელება დაეფინა დედამიწის დამტვერილ ზეგანს, დაინესტა მრგავლი პირსახე დედამიწისა. ადამიანთა ავხორცობისა და კეთილგონიერების ნაბიჯებს ითვლიდა ის, როგორც ვარსკვლავთმრიცხველი. რა სასიამოვნოა, უმზირო ვარსკვლავებს გვემოდან ზემოთ, მაგრამ უცქირო ადამიანებს ქვემოდან-ზემოთ... მათი სხეულების ხმაური შუა გულს უფრთხობს და ულეწავს. უშველებელი ჩამჩიდან ხვრეპენ მიწით მონაპოვარს, მაგრამ უმადურთა ხროვას არაფერი ეშველება. მაინც უყვარს მიწას, მიწის შვილები. არც ერთი მიცვალებული არ გადავარდნილა მიწიდან...

მიჰყვება გზის მარცხენა მხარეს დაგებულ ქვაფენილიან ფეხით სავალ ნაწილს. გულსაკლავს არ იშორებს. სიფხიზლისთვის სჭირდება, რათა ეკლესიაში გულმავიწყმა არ შეაბიჯოს.

„რა დრო გასულა?!“

„იქნებ არც?!“

აზრთა პაექრობა დასჩემდა მიმავალს. შეჩერდა სკვერთან. ჩამოჯდა, დაისვენა, სიგარეტს მოუკიდა და საზურგეს ბოლომდე გადააწვა. თვალები დახუჭა, გული გაბერა, წამით გაჩერდა სამყარო, შემდეგი კი სიღრმიდან ამოუშვა დაგროვილი, ობიანი ბოლი... გულზე ქანებად დაჰგროვებია წლებში ნაგროვები სიბინძურე. საზურგეს მოაშორა მოსვენებული წელი და მზერა მიწას ათხოვა დროებით. დასცქეროდა მას. თავი დაუმძიმდა, ზანტად მიიწევდა მუხლებისკენ ის. ხელები შეაშველა თავს და ჩარგო თითებში გაუთლელი მასა, რომელიც მხოლოდ სამ კოლოს იწონიდა. - არა კაცი ვარ მე! - შეამკო თითქოს მრავლის მთქმელი ფრაზით საკუთარი მე, მაგრამ უშედეგოდ. - უკაცრავად, რა ბრძანეთ? მე მეუბნებით? - როდის დაჯდა მასთან ახალგაზრდა მამაკაცი არ შეუმჩნევია. თავის მოძრაობით უარჰყო მამაკაცის ინტერესი და წასვლა ამჯობინა. წამოდგა, ისევ გზის მარცხენა ფეხით სავალ ნაწილს გაუყვა. ამ გზით მივიდნენ მოძღვრის გასაცნობად წლების წინ. დღეს მარტო მიდის. მარტო და დაღლილი, სულით გამქრალი და გულის სიმძიმით, მხოლოდ უსისხლოდ. გზის ბოლო არც კი იხილებოდა... თვალხუჭობანას ეთამაშებაო თითქოს...

მიდის, მიდის, მიდის...

გადის, გადის, გადის...

ფარდას ახდის, ახდის...

გარღვეული სამოსი უჩანს.

დასცინიან გზად მიმავალს შემხვედრნი.

ისე ყველას მადლობას უხდის...

„არავის არაფერი გმართებთ ჩემი, ნეტავ შემეძლოს კიდევ მოგცეთ. რაც მებადა ყველაფერი გავეცი. არაფერი დამრჩა.“

„სიყვარული დაგავიწყდა მეგობარო!“

„მართალი ხართ! ვინ მითხრა ეს?“

„ მე ვარ შენი სინდისი.“

„მადლობა შენ!“

„მადლობა მათ, ვინც ჯერ კიდევ გაცოცხლებს...“

„უნდა მოვეკალით?“

„ფიქრობ, რომ არა?!“

„ჰო!“

„სიცოცხლე გყვარებია.“

„ძალიან!“

„საღი აზრი დაგიკარგავს.“

„მართალი ხარ!“

„აღიარებით შვებას გრძნობ?“

„არა. სად წახვედი?“

„უკვე მიხვედი...“

თავი ასწია. - აქ არის!

 

„თავკერძა კაცი ჟინს ისწორებს,

ყოველ საღ აზრს უჯანყდება.

ბრიყვს გონიერება კი არ სურს,

არამედ მხოლოდ თავისი გულის გამომჟღავნება.“

იგავ.20:5.

 

***

რაკი შევიდა მასში, მზერა აღაპყრო მაღალსა ზედა ხატებას! პირველად გარდაისახა პირჯვარი და მუხლებზე დაეცა. დაჰკარგვოდა თავმოყვარეობა, მედიდურობა და ამპარტავნება. გულს იფერთხავდა მისივე სიტყვებით აკინძული ლოცვით. - იქნებ, მამაო ჩვენო... წაგეკითხათ?!  - არ ვიცი ზეპირად სამწუხაროდ. - იყო ცრემლნარევი  პასუხი ერთ-ერთი მრევლის მიმართ. მე დაგეხმარებით. გაიმეორეთ: მამაო ჩვენო...

დაასრულეს ლოცვა.

-         იქნებ დამეხმაროთ! აღსარებისთვის მოვედი მოძღვართან.

-         სიამოვნებით. - წავიდა კეთილი ქალბატონი მოძღვრის დასაძახებლად.

-         გისმენთ შვილო ჩემო!

-         იქნებ მარტოს მესაუბროთ. აღსარება მინდა ჩაგაბაროთ.

-         რა თქმა უნდა! აღსარების წინ სათქმელი ლოცვები თუ წაიკითხეთ?

-         არა, აუცილებელია? მეჩქარება!

-         სად გეჩქარებათ?

-         თქმა მეჩქარება, დრო ცოტა დამრჩა.

-         კარგით! უფალი უშვებს გამონაკლისებს.

-         მშვენიერია, გამონაკლისთა სიაში ყოფნა.

-         წამობრძანდით.

მორჩილებით გაჰყვა მეცენატი. მოძღვრის ზურგს უკან მოსიარულეს, გზად ჯვარცმის ხატება შემოხვდა. უღიმოდა უფალი მას. ის თავდახრილი იყო, მაგრამ გრძნობდა უფლის წყალობას. გულს უხარია მისას! თავი მოაბრუნა, მღვდელი პატარა სენაკში შესულიყო, რომელიც შიგნით ეკლესიაში გახლდათ. კარი ღია დაეტოვებინა ღვთის მსახურს. უცდიდა ცოდვილი ცოდვილს. ოდნავ კიდევ დაამატა კარს გამოღება, მეცენატმა. ჭრიალის ხმა არ ესიამოვნა მას, ჯოჯოხეთის ჭიშკრის ხმას მიამსგავსა. - ალბათ წინასწარ გამიმზადეს ადგილი, აღსარების ჩაბარებასაც არ მაცლიანო... - გაიფიქრა. შევიდა სენაკში. მამაომ მუხლებზე სთხოვა დადგომა. დაიჩოქა. დალოცა, შემდეგ ხელი შეაშველა და მეცენატიც უფლის დახმარებით წამოდგა. - დაბრძანდით, მოხერხებულად. შეგვიძლია დავიწყოთ.

-         საიდან დავიწყო, იქნებ მითხრათ?

-         გაიხსენეთ თქვენი პირველი სერიუზული ცოდვა, შვილო ჩემო.

-         სერიოზული რას მიქვია? რა, განა ნაკლებად სერიოზული ცოდვებიც არსებობს, თუ რადგან მეცენატი ვარ, აქაც მწყალობენ? ეგ თქვენში მოსულა, მაგრამ იქნებ ჩემს სულიერ ტკვილზე მალაპარაკოთ და ისიც დანდობის გარეშე! მე მსურს ასე! თქვენ შუამავლობთ უფალათან და არა უფლობთ შუამავლად.

-         ჟურნალისტისთვის არაჩვეულებრი რესპოდენტი იქნებოდით, შვილო ჩემო.

-         თქვენთვის ვინ ვარ? ჟურნალისტებთან მწყრალად ვარ.

-         უფლისთვის შვილი ხარ!

-         დიპლომატიას ასწავლიან მოძღვარო, სასულიერო სემინარიაში?

-         პოლიტიკურს არა.

-         არადა, თქვენგან ერის კაცობაში კარგი პოლიტიკოსი დადგებოდა.

-         არ უარვჰყოფ.

-         ვერც, მოძღვარო! შეგიძლიათ ეს დღე, მხოლოდ ჩემთვის დახარჯოთ?

-         სხვა საქმეებიც ბევრია შვილო ჩემო და სხვებსაც სჭირდებათ უფლი სიტყვის მოსმენა.

-         დღეს მოგიწევთ მე მომისმინოთ. საკმაოდ დამიგროვდა სათქმელი.

-         კარგით. ჩემი საქმეც ეს არის. გისმენთ!

-         საიდან დავიწყო?

-         უკვე დაიწყეთ.

-         თქვენში რჯულის კანონს პატივს სცემენ მოძღვარო?

-         ჩვენ თქვენზე ვსაუბრობთ.

-         იქნებ, მე მჭირდება ვიცოდე, რათა ერის კანონები დავადანაშაულო უმოქმედობაში ან დესპოტიზმში.

-         უფალთან ერის კანონებზე საუბარი არაფერს გარგებთ. უფალს თავისი კანონები აქვს, ათი მცნების სახით.

-         გახსოვთ იესო, როგორ ამხელს ფარისევლებს: „უთხრა მათ: „მოსეს ტახტზე დასხდნენ მწიგნობარნი და ფარისეველნი. ამიტომ ყველაფერი, რის დაცვასაც ისინი გეტყვიან, შეასრულეთ და დაიცავით, ოღონდ მათ საქმეებს ნუ მიბაძავთ, ვინაიდან ისინი ამბობენ, და არკი ასრულებენ. კრავენ მძიმე ტვირთს და ძნელად საზიდს და ზურგზე ჰკიდებენ ადამიანებს, თავად კი თითითაც არ სურთ მისი დაძვრაო.“ ამიტომ ვითხოვ თქვენი კანონებით ვისაუბროთ ჩემი ცოდვილი სულის შესახებ. შეძლებთ? ვფიქრობ, რომ მე ფარისეველი არ ვარ. მხოლოდ ბოროტმოქმედი ვარ, რომელიც შეწუხდა, დაიღალა ტვირთის ზიდვით. არც კი მოსულა ვინმე ჩემთან წამოსაყენებლად. ფარისევლობდნენ. თავად მე  ყოველთვის ვცდილობდი, ფიქრები გამეშიშვლებინა. არავის ვუშინდებოდი. ისინი კი მატყუებდნენ და მეკეკლუცებოდნენ. ასეთები თქვენშიც ურევია. არა ერთნი მოსულან ჩემთან უფლის სახელით და უთხოვიათ დახმარება. ნუ მეტყვით, რომ ჩემზე დიდი ხართ, რადგან უფალი თანასწორობას ცნობს მხოლოდ. ვთვლი, რომ მხოლოდ უფლის სიტყვების მოსმენა ღირს თქვენგან და არა თქვენსავე საქმეებზე ყურადღების გამახვილება. მხილება კი უფლის მოთხოვნაა და არა თხოვნა. დღემდე ყველას უწიგნური ვეგონე და მამიკოს ბიჭი. ერთი კი დანამდვილებით ვიცი, სანამ მამა ფულებს ითვლიდა, მე სხვა საქმით ვიყავი დაკავებული. არც არასოდეს მიყვირია საზოგადოდ ჩემი განსწავლულობის შესახებ. არც თქვენთან ვაპირებ... „ბრძენი შვილი მამას ახარებს, ბრიყვი შვილი კი დედამისის დარდია“ მე ერთი ვყავდი მშობლებს. ასე, რომ ბრიყვზე არავინ დარდობა. დღეს მე მეშიანია უფლის და არა თქვენი. მე თქვენთან ყველაფერს ვიტყვი, რადგან თქვენთან ერთად უფალი მისმენს. „სიბრძნის დასაბამი უფლის შიშია, და წმიდის შეცნობა - გონიერება. აი რა მაკლდა ყოველთვის: გონიერება... რადგან მიჭირდა წმიდის შეცნობა. უკეთური საქმენიც ჩემი, ამის ბრალია.

-         ძალიან საინტერესოდ ამბობთ ყველაფერს. ჩემის აზრით ყველაფერი ეს მეტყველებს თქვენს უპატიებელ ცოდვებზე ან იქნებ სამზადისს, ცოდვათა გამხელის წინასაზეპიროს, წინა სტყვაობას? თქვენ გიჭირთ საუბარი და გირჩევნიათ შემოვლით განმარტოთ ყოველივე.

-         მე ფსიქოლოგთან არ მოვსულვარ დასახმარებლად და არც ნარკომანთა სეანსებზე გამომითქვას ჩაწერის სურვილი. არ ვარ ნარკომანი. ჩემი სიტყვები, უფლის სიტყვებთან ერთად არ იბინდება ჩემში. არც სულის სამოსი ვმოსავს. სრული შიშივლით გეახელით მოძღვარო. რაც გინდათ ის დაარქვით, მე მაინც ვიტყვი სათქმელს. თქვენთვის დამღლელი შეიძლება იქნეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ უკვე ინტერესი გწვავთ და გულში ამბობთ: ჯანდაბას დაღლა. მართალი ვარ არა? - რა სჯობს სხვისი ცხოვრების პიკანტური დეტალების მოსმენას მოძღვარო - არა?

-         ნაკლებად, პიკანტური. ვფიქრობ გაცილებით საინტერესო ამბის მოსამენად უნდა განვეწყო.

-         არც ისე ბევრის, მოძღვარო. ჩვენ ჩვენი საქმეებით, ყველა ამპარტავნები ვართ. უბრალოდ ამპარტავნებას გაღმიდან ვუყურებთ...

-         შვილო ჩემო, გაღმა ხედია შორეული, გამოღმა კი ნარჩენები ხედისა!

-         იცით ბავშვობა გამახსენდა. დამჯერე არასოდეს ვყოფილვარ. დამოუკიდებლობა მიყვარდა და წინააღმდეგობებსაც შესაბამისად ვიმსახურებდი. ეს უკანასკნელი ის ელემენტია, რაც თავისუფლების განცდას თან ახლავს. განა მარტო კანონებთან პაექრობას მოაქვს სითავისუფლე? ეს მცდარია! თავისუფლება შორი გზაა, კანონებთან უმოკლესი გზა კი წიგნია. ჩაიხედე და წაიკითხე. არ აღასრულებ? წაგართმევენ თავისუფლებას, რომელსაც წლებია დაეძებ.

-         ძიებისას, რამე ხიფათს გადაეყარე, შვილო?

-         უამრავს. რამდენჯერმე სცადეს ჩემი ლიკვიდაცია. ჩემი ბრძანებით კი მხოლოდ ერთი ადამიანი მოუკლავთ. ჩემი ხელით ვერ შევძლებდი.

-         სხვისიც შენია თუ ის შენს ზრახვებს ემსახურება.

-         ვიცი მოძღვარო.

-         გითხარით ბავშვობა გამახსენდა-თქო, მერე სხვაზე გადავერთე. გავაგრძელებ თქვენის ნებართვით.

-         გისმენთ!

-         სანამ სემინარიაში ჩააბარებთით, თქვენც ჩემსავით მოწაფე იყავით. შესაბამისად იზრდებოდით და ვაჟკაცდებოდით. როდის მიხვდით, რომ თქვენი გზა უფლისა იყო?

-         პირველი ცოდვის ჩადენისას.

-         მე არ ვიცი მერამდენეზე.

-         რა იყო თქვენი პირველი ცოდვა? - იკითხა მოძღვარმა.

-         კლასელებს შორის, მომწიფების ასაკში ჩადენილი უვიცობები. ეს იყო ბიჭებს შორის, როდესაც ერთმანეთს ვაჯდებოდით. და ხვდებით რა თქმა უნდა თუ რითი ვკავდებოდით კლასში გოგონების თვალ წინ ატეხილები. არც გოგონებს ვაკლებდით მსგავს. ყველა კლასში ჰყავდათ ბიჭებს ამოჩემებული ერთი გოგონა, რომელიც საწყალი, ვერ აუდიოდა ბიჭების ჟინის დაკმაყოფილებას. ყოველ დასვენებაზე ხდებოდა ეს. თქვენს კლასში ხდებოდა მსგავსი?

-         კი ხდებოდა, მაგრამ, როგორც თქვენ ამბობთ ეს მოწიფულობის პერიოდის ბრალი იყო.

-         რატომ მოწიფულობის? განა უგუნურების არა? რა გვკარნახობდა: ქვეცნობიერი თუ წელს ქვემოთ შარვალში მოთავსებული ორგანო?

-         მართალი ხართ, უგუნურება.

-         თქვენ, მიგიღიათ მონაწილეობა, მსგავს ორგიებში?

-         რა თქმა უნდა კი. ოდესღაც ყველანი ვიყავით პატარები.

-         მაშინ რა განსხვავებაა ჩვენს შორის მოძღვარო და რატომ უყურებთ ხალხს ზემოდან? ჩვენ ხომ ერისკაცობიდან მოვდივართ და მხოლოდ ტიტულები განგვასხვავებენ უბრალოთაგან? დღეს მე ტიტული დავკარგე და მივხვდი, რომ  არაფერი დამიკარგავს. აი თქვენ ტიტილიანი წახვალთ ზეცაში და იქ დაჰკარგავთ თქვენს წოდებას. შესაბამისად ზემოთ ასულს ქვემოდან მოგიწევთ ცქერა თქვენზე დიდი ტიტულის მქონე სულებთან...

-         მე შემატყვეთ მედიდურობის? - იწყინა მოძღვარმა. წყენა თითების მტვრევით გამოხატა მან, რადგან სახეზე მშვიდი და გაწონასწორებული გამომეტყველება შეინარჩუნა.

-         თქვენ არა მოძღვარო! თქვენ არ გახსოვართ. წლების წინ გახლდით ჩემს მეგობართან ერთად და ჩემზე გიამბოთ. მაშინ მხოლოდ მამის წყალობით მიცანით. ყოველთვის მისი ჩრდილი ვიყავი. ბოლოს დავიღალე და ბრძანებამაც არ დააყოვნა.

-         ის სხვისი ხელი...

-         დიახ, ჩემი იყო! მე მოვკალი მამაჩემი.

-         უფალმა შეგინდოთ! დღემდე ეძებენ მკვლელს.

-         სახელმწიფო მოხელენი ფულის მონები არიან! ტყუილია, რომ ეძებენ. საქმე დიდი ხნის წინ  გადაეცა ჯერ გაუხსნელ საქმეთა დეპარტამენტს, შემდეგ მათ არქივს გადასცეს.

-         შვილო ჩემო, გამახსენდა შენი მეგობარი.

-         ძმადნაფიცი, მოძღვარო!

-         ჰო, ძმადნაფიცი. მას შემდეგ შენთან ერთად გაქრა. წლების წინ ისევ გამოჩნნდა. შემდეგ გაჭირვებამ საშინელი დანაშაული ჩაადენინა. საეკლესიო ნივთები მოიპარა. გაუჩინარებული ისევ გამონდა აღსარების ჩასაბარებლად. მაშინ გავიგე, რომ ის ნივთები მისი წაღებული იყო.

-         მერე მოძღვარო?

-         ტელევიიზით ვამხილე.

-         თქვენ გინდა მითხრათ, რომ აღსარების საიდუმლო გაეცით და ის თქვენი წყალობით დაიჭირეს?

-         ასეა! დღეს მეც ვაბარებ ღვთისა და შენს წინაშე აღსარებას. უფალს ვთხოვ შენდობას!

-         ეკლესიიდან არ განგკვეთეს?

-         არა. მაპატიეს.

-         რატომ?

-         მხოლოდ ჩემი ბრალი არ იყო...

-         ძალიან მიყვარდა. საუკუნეა რაც არ მინახავს. რა ძლიერი ქარი ჰქრის მოძღვარო, ატყობთ?

-         არა. აქ სიმშვიდეა.

-         ჩემს სულში მოძღვარო!

-         ქარის ქროლვა სასიამოვნოა, შვილო ჩემო თუ ის შენს განწმენდას ემსახურება.

-         მე თქვენ მომწონხართ, მოძღვარო! ბევრს არ სჩვევია გულახდილობა მრევლთან. მე კი თქვენი მრევლიც არ ვარ.

-         ხართ! თავად თქვით, რომ წლების წინ ჩემთან იყავით და მოძღვარიც გავხდი. ის რაც მე გავაკეთე, თქვენ გჭირდებოდათ. უფლის წინაშე მოვალე ვარ და შენს წინაშეც!

-         შვილი არ მყავდა... სუროგატი დედა მოვძებნე... შვილი გამიჩინა, მაგრამ ისიც დავკარგე.

-         ყველაფერში უფლის ხელი ურევია, შვილო ჩემო. უფალი არ სცნობს მის გარეშე მოქმედებას! ეს მეცნიერების სიმახინჯეა...

-         მამაო! ვიცი რომ თუ ადამიანმა ადამიანი მოჰკლა, მოკლულის ცოდვები მკვლელს გადაეცემაო.

-         ასეა. ამიტომ არ ასვენებთ მათ, მონანიებამდე მოკლულთა სულები, ცხადსა და სიზმარშიც თანამგზავრობენ საკუთარ მკვლელებთან, მაგრამ უფრო დიდი ცოდვაა, ადამიანმა ინატროს სხვისი ხელიდან სიკვდილი.

-         არც მიფიქრია. ვგრძნობ, რომ ვიღაც ჩემს მოსაკლავად ემზადება.

-         სიკვდილს, ყოველთვის ღირსეულად უნდა შეხვდე შვილო ჩემო!

-         მაინც მეშინია!

-         შიში, მხოლოდ ღვთისა ჰქოდეს და ასევე გიყვარდეს უფალი!

-         გმადლობ მამაო!

-         გამიხარდა, რომ მამაო დამიძახეთ.

-         დავასრულე მოძღვარო და ამიტომ მოგმართეთ მამაოთი.

-         მაინც ამაყი ხარ!

-         სიამაყეში არაფერია ცუდი თუ განზრახვა სუფთაა!

-         უფალმა დაგლოცოს შვილო ჩემო!!!

-         გმადლობთ მამაო!

-         ისევ გელოდებით! მჯერა, რომ დღეს სიმშვიდით დატოვებთ ზღურბლს ეკლესიისას და ხვალ გაცილებით სუფთა წარსდგებით უფლის სამსჯავროზე... გლოდებით!

-         მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე! - პირჯვარი გარდასახა მეცენატს მოძღვარმა!

-         ამინ!

დატოვა ეკლესია იმ იმედით, რომ მას ხვალ ისევ ელოდა თბილი და გულღია საუბრები.

 

***

„ქონება ვერ უშველის წყრომის დღეს,

მოწყალება კი სიკვდილისაგან იხსნის.“

იგავ.10:2.ეზეკ7:19.სოფ.1:18.

 

გზა, რომელიც ეკლესიიდან სახლისკენ მიდის...

გზად მზემ სიცხისგან მთვარე დაადნო.

წვეთები წითლად ენარცხებიან მიწას დედისას...

 

აღარ იყო მისთვის უცხო გარემო. მოდიოდა გზის მარჯვენა, ფეხით სავალ ნაწილზე, ბედნიერი და სუფთა, მაგრამ იყო ის, რაც მოსვენებას არ აძლევდა: ისინი! მეუღლე და მოახლე. ორივემ დატოვა სახლი. იცოდა, რომ მოახლეს სახლი ჰქონდა, მაგრამ მეუღლე? - სად წავიდა? რაც ბავშვი დაეღუპათ, მას შემდეგ მისი ასავალ-დასავალიც გაქრა. მხოლოდ ახალ „სამოსში“ მიხვდა, რომ მასზე მზრუნველობა სიხარულს ანიჭებდა. დაიწყო ძებნა. ცოლოურს არ შეუშვეს. - აქ არ არისო. - უთხრეს. მეზობლებთან გადაამოწმა სიდედრ-სიმამრის ნათქვამი. სიმართლე აღმოჩნდა. კვალს ვერ მიაგნო. მოახლესთან მისვლა არ სურდა. დამნაშავე იყო მის წინაშე. - ეგ არ გამოვა. სჯობს ბოლოჯერ  შევავლო ჩემს სასახლეს თვალი და დავემშვიდობოო. - ამ იმედით მიუახლოვდა საკუთარ სასახლეს. კარი გატეხილი დახვდა... - ღმერთო, არადა ხვალ უნდა ჩვაბარო პატრონს. - თანხა უკვე დარიგებული ჰქონდა სხვადასხვა დაწესებულებებში. ესენი ძირითადად მზრუნველობას მოკლებულთა თავშესაფრები, უპატრონო ბავშვთა სახლები და სხვა დაწესებულებები იყო. გეგმავდა უმუშევართა ფონდის დაარსებას და დარჩენილი თანხის სრულად გადაცემას მათთვის, ასევე სხვა რეალიზებული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი სრულად ეკლესია-მონასტრებს შესწირა. არც დავით-გარეჯი დავიწყებია. - ნეტავ არის ვინმე სახლში? - გასარკვევად სახლში შესვლა ამჯობინა. ფრთხილი ნაბიჯებით მოიარა ყველა ოთახები და ბოლოს მისაღებში შეამჩნია სავარძლის ზედა კიდიდან ამოწეული თავი, რომელიც ახალ მთვარეს წააგავდა. შეშინებულმა იკითხა:

-         რომელი ხართ? - პასუხს შეაგვიანდა.

-         რომელი ხართ? - ისევ გაუმეორა.

-         მე ვარ. - სავარძლიდან წამოდგა შეიარაღებული მამაკაცი და შემობრუნდა.

-         შენ? ღმერთო რა კარგია! მართლა არ გელოდი ან სად დაიკარგე საერთოდ? დარეკვითაც არ დაგირეკავს. დაგიშავე ძამი რამე? ან ეს იარაღი რად გინდა? - სურდა გადახვეოდა, მაგრამ...

-         ადგილზე დარჩი და არ გაინძრე! ამას შენ მეკითხები? როგორ გეკადრებათ, მის აღმატებულებას არაფერი დაუშავებია ჩემთვის. პირწმინდად ანგელოზია რააა... ნახე იქნებ ზურგი გეფხანება?

-         ჩვეულ ფორმაში ხარ რაა... ხუმრობა ყოველთვის გიყვარდა.

-         ჰო, მიყვარდა, მაგრამ ახლა არ ვხუმრობ. - ასწია იარაღი და მის შუბლს გაუსწორა.

-         მოიცა, მოიცა... რას აკეთებ? არ გაგიჟდე, ცოდვას ნუ ჩაიდენ! მე ჩემიც მეყოფა და არ მინდა ჩემი ცოდვები ტვირთად შენ ატარო, არ მინდა! გთხოვ გაწიე იარაღი და ადამიანურად ამიხსენი, რა ხდება... არაფერი მესმის?!..

-         არაფერი არ იცი არა... საერთოდ არაფერი?! შენი დე...

-         პირადი შეურაცჰყოფის გარეშე. ძალიან გთხოვ!

-         შენ რა, ბიჭო გაქალიშვილდი?

-         არა, გავკეთილშობილდი. ვცდილობ ყოველი შემთხვევისთვის... რა გიკვირს?

-         შენ, ნაბიჭვაროოოო... - თავიში უთავაზა მოქნეული იარაღის კონდახი. გონება დაკარგა მეცენატმა. ძმადნაფიცი სამზარეულოში გავიდა. წყლით სავსე დოქს ხელი შეავლო და ისევ მისაღებისკენ სწრაფი ნაბიჯებით დაბრუნდა. წყალი დოქიდან მეცენატის სახეზე იღვრებოდა. მოსულიერდა.

-         რა მოხდა?

-         არაფერი. წაბარბაცდი უნებლიედ, ჩემი კონდახის ჩარტყმისას...

-         გეხვეწები, ამიხსენი რა დაგიშავე?!

-         შენი მოახლე გახსოვს?

-         კი, როგორ არა! არაჩვეულებრივი ადამიანი, ძალიან ვაფასებ. მან ჩემთვის დიდი მსხვერპლი გაიღო.

-         დიდი მსხვერპლი გაიღო არა? რა თქმა უნდა... ეგ ბოზი და ახვარი...

-         რატომ, ლანძღავ ან შენ საიდან იცნობ მას?

-         ჩემი ცოლი იყო. საბედნიეროდ იყო!

-         როგორ თუ შენი ცოლი? მე არაფერი ვიცოდი. საერთოდ გათხოვილი თუ იყო არც ეგ ვიცოდი. ჩემთვის არაფერი უთქვამს როცა სუროგატობაზე დავითნხმე.

-         სუროგატობაზე?

-         ჰო... რა იყო? არ გაგიგია სუროგატი დედების შესახებ?

-         კი, როგორ არა, მაგრამ მე ვიფიქრე, რომ შვილი შენგან ჰყავდა. ციხეში გავიგე, რომ ცნობილმა მეცენატმა ბავშვი მოახლისგან გააჩინაო. სახლიდან გაუფრთხილებლად წავიდა. არაფერი მითხრა, მხოლოდ წერილი დამიტოვა.

-         მართალია, ბავშვი გამიჩინა, მაგრამ მე მასთან არ ვწოლილვარ. ეს ყველაფერი მეცნიერული მიღწევების დამსახურებაა.

გაოგნებული უსმენდა ძმადნაფიცი, ბავშვობის მეგობარს. ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა. ისიც დასძინა: რომ მცოდნოდა შენი ცოლი იყო, ახლოსაც არ გავეკარებოდიო. სუროგატი დედობის მსურველების მეტი რა იყოო, მაგრამ მე ახლობელი მჭირდებოდა, ისეთი რომელიც ნათესავი არ იყო, მაგრამ ძალიან ახლობელიო?!.. ბოდიში მოუხადეს ერთმანეთს ბავშვობის მეგობრებმა.

-         ბავშვი სად არის? შეიძლება ვნახო?

-         ბავშვი დაიღუპა. გთხოვ ნუ გავაგრძელებთ საუბარს. იქნებ მოვრჩეთ?

-         კარგი.

-         წავიდეთ! ეგ აღარ არის ჩემი სახლი.

-         მოწყალეობას მიჰყევი ხელი არა?

-         ჰო ეგრეა და კმაყოფილი ვარ.

-         მერე არაფერი, რომ არ გაგჩნია?

-         შენი სახლი. თუმცა იქ ვერ მივალთ. მეუღლეა ალბათ შენთან.

-         არა, არ დაბრუნებულა.

-         მე ვიფიქრე... თუმცა არ ვიცოდი მაშინ, რომ შენი მეუღლე იყო. მაშინ წავიდეთ შენთან. გასაღები თან ხო გაქვს?

-         კი მაქვს.

-         ერთი დღე შენთან დავრჩეთ და შემდეგ ჩვენი გზა მე უკვე ვიცი სადაც არის. მამათა მონასტერში ძამია. იქ არის ჩვენი ადგილი. თან შენ ციხიდან გამოქცეულხარ ჩემს მოსაკლავად. გეძებენ ალბათ?!

-         მართალი ხარ მეძებენ.

-         იქ არის ჩვენი თავშესაფარი. ღვთის სახლის კარი ყველასთვის ღიაა ძამი, ყველასთვის!

-         სად წავიდეთ?

-         დავით-გარეჯი ჩვენთვის მისწრებაა! არაჩვეულებრივი ადგილია. ჩვენ ბერად ჯერ არავინ აღგკვეცავს, მაგრამ წინ შორი გზა და სულიერი სიმშვიდე გველის.

-         მე თანახმა ვარ, მაგრამ ჯერ იქნებ გავიგოთ სად არიან ჩვენი მეუღლეები?

-         ჩვენ არ ვართ მათი ღირსები! დამიჯერე, გულს უფრო მეტად ვატკენთ დანახვით. სჯობს ბედნიერება სხვაგან ეძებონ!

მეორე დღეც, დასრულდა...

წინასწარმეტყველება ასრულდა!

მოძღვარმა განამწესა ისინი დავით-გარეჯში

 

„ზოგი ანიავებს მადლს და უფრო ემატება,

ზოგი კი ზოგავს მოწყალებას - და აკლდება მას.“

2კორ.9:6.

 

***

იმ საღამოს პატრულმა მდინარეში ორი უცნობი ქალბატონის გვამი იპოვა.

და ისე შორს მონასტრიდან...

 

20 ივნისი 2010 წელი

??????