ჩოხელი გოდერძი
გაზიარება

თამარ დედოფალი 

გთხოვთ, ნუ მოსძებნით თამარის საფლავს, იგი დამბადებელმა ხელში აიყვანა და მზის სხივად აქცია...
მანამდე კი შეიძლება იმიტომ მოავლინა განგებამ დედოფლად, რომ ჩვენს დედებს და დებს თუნდაც ერთხელ მაინც, თუნდაც ერთი წუთით, ბალღობაში "დედოფლობანას" თამაშით გატაცებულებს, ან ქალიშვილობის ჟამს, ოცნებაში, ან ჯვრისწერის დროს, როცა ღვთისა და ერის წინაშე მართლა დედოფალი გქვია, სულ ცოტა ხნით მაინც წარმოედგინათ თავი თამარ დედოფლად, თორემ სინამდვილეში საწამებლად გაუჩენია ქალი მაღალ ღმერთს ამ ქვეყანაზე. ჩაივლის ბავშვობა, ცასა და მიწას შორის უგზო-უკვლოდ გაქრება ქალიშვილობის ოცნება, მორჩება ჯვრისწერა და ეკლესიიდან გამოსულს დაგადგამენ მძიმე უღელს, რომელზეც ჯაჭვით გამობმულია რკინის გუთანი, ჩაგაყენებენ ცხოვრების კვალში და ამის მერე უნდა ხნა, უნდა აბრუნო შავი მიწა, სანამ იმავე მიწად არ მოგაქცევს წუთისოფელი. ხოლო უღელსა და გუთანს შორის მჭიდროდ ჩაბმული ჯაჭვი უცვეთია და უწყვეტელი...
თამარ დედოფალი ერის სულშია განფენილი და ცაზე ბრწყინავს, ხოლო ფეფო პატარა გლეხის გოგოა; გუშინ ბატონები შეეყარა და ლოგინში წევს. მიწური სახლის ბორწნელში დატანებული პატარა სარკმლიდან მკრთალად შემოდის დღის სინათლე. ფეფოს დედა კერასთან ტრიალებს და ავადმყოფი შვილისათვის მჭადს აცხობს, ოთახში სიმინდის ფქვილის სასიამოვნო სურნელი ტრიალებს. "ბატონებს" მხიარულება უყვარს და ამიტომ ფეფოს დედას საგანგებოდ სამხიარულო განწყობა მიუცია სახლისათვის, აქა-იქ თიხის ქოთნებში ველური ყვავილების თაიგულები მოჩანს. თვითონ ქალსაც, თუმცა შავად აცვია, მაინც ფეფოს ბრძანებით თავზე ყვითელი ყვავილების გვირგვინი ადგას, ფეფო და მისი საწოლი მთლად ყვავილებითაა მორთული. გოგონას ქერა ნაწნავები ბოლოებში გაუშლია და ოქროსფრად ეღვრება ბალიშს. თავზე ადევს ყვავილების გვირგვინი, ტანზე ჩაუცვამს დედამისის ნაქონი "სადედოფლო" კაბა, მკერდზე ჰკიდია თუკი რამ სახლში მძივები გააჩნდათ, თითებზეც უკეთია ყვავილებისაგან დაწნული ბეჭდები. ფეფოს სიცხე აქვს და ხანდახან აბოდებს, მაგრამ დროდადრო სიცხე გაუშვებს, გოგონა ბალიშზე წამოიწევს და ბრძანებებს იძლევა _ დილას აქეთ "თამარ დედოფალია" ჩვენი პატარა ფეფო. დროდადრო კარს მეზობლები შემოაღებენ და ბატონების შიშით მხიარულად იკითხავენ: _ როგორ ბრაძნდება ფეფო?
_ ფეფო კი არა, თამარ დედოფალი ვარ! _ ბრაზობს ფეფო.
_ უი, რა წამომცდა, მაპატიე, თამარ ქალო, მაპატიე! _ ბოდიშს იხდის მეზობელი და, როგორც დედოფალს შეეფერება ყმისაგან, ისე მოიყრის მუხლს ფეფოს საწოლთან:
_ ხომ მშვიდობით ბრძანდებით, დედოფალო?
_ დიახ, მშვიდობით ვბრძანდები! _ ყელს იღერებს ფეფო.
_ ხომ არ ინებებთ რამეს?
_ სამშვილდის ტყიდან იების თაიგული მომართვით! _ ბრძანებს ფეფო.
_ სიამოვნებით, დედოფალო! _ ამბობს მეზობელი, ფეფოს მდაბლად უკრავს თავს და ოთახიდან ფეხაკრეფით გადის.
ფეფოს დედა ბატონებს უმღერის.
ქოთანში ლობიო თუხთუხებს.
გახურებულ კეცზე დაკრულ მჭადს წითლად ებრაწება გვერდები.
სამშვილდის ტყიდან მობრუნებულ მეზობელს იების თაიგული შემოაქვს და ოთახი ახლა იის სურნელით ივსება.
მთელი დღე ფეხაკრეფით მიმოდიან "მოსამსახურეები".
წევს პატარა ფეფო ყვავილებით მორთულ-მოკაზმული, დედოფლის როლში მთლად შეჭრილი და აზრადაც არ მოსდის, რომ ეს დღე ულამაზესი დღეა მის ცხოვრებაში, იმ უკუღმართ ცხოვრებაში, რომელსაც ბედი უმზადებს შემდგომში. რაღა თქმა უნდა, ფეფო ახლა ვერ წარმოიდგენს, რომ სულ რაღაც ერთ კვირაში დამთავრდება "თამარ დედოფლობა", ისევ ძონძებით შემოსავენ ფეფოს, მეზობელი იების თაიგულის ნაცვლად ერთხელაც ტალახს ესვრის, რომ დროზე გაიქცეს და ყანაში შესული ძროხები გამორეკოს, მერე კი ათასჯერ ჩაესმის ყურში დედის ძახილი: ფეფო, სად დაიკარგე, შე საშავეთოვ, შენა, ჰა?!
გაიზრდება ფეფო, სიყვარულით არა, ისე მიათხოვებენ გაღმასოფლელ ახიელს, უშნოს, სუმუდამ თავბედჩამომტირალს, ლხინშიაც და ჭირშიაც, რომ ვერ გაუგებ, როდის რა უხარია. თითქოს მოეკიდებიან კიდეც ცხოვრებას, თხუთმეტი წელიწადი დღე_ ღამეს ასწორებს ფეფო, რომ კაპიკი კაპიკს მიუმატოს, რათა იმ ფულით სახლი აიშენონ და როგორმე გამოასწრონ ამ ჩამოსაქცევად გამზადებულ ხუხულას. ერთხელაც მეზობლის ქორწილში წავლენ, შეგროვილ ფულს შინ არ დატოვებენ ქურდების შიშით. რაკი ფეფოს ჯიბე არა აქვს, ახიელი იდებს გულის ჯიბეში ფულს.
იწყება ქორწილი.
დოლი და გარმონი ეშხში შედის.
ქალები ცალკე სხედან, კაცები _ ცალკე.
დაიწყო "შაბაშობა". აჭყივლდა გარმონი და აჰყვა დოლი.
ჯერ ახალგაზრდებმა წამოიწყეს ცეკვა, მერე ხანშიშესულებიც აჰყვნენ.
სხვა დროს რო სულ თავჩაღუნული დადიოდა, ახლა გადაირია სასმელმორეული ახიელი. გადავიდა სათამაშო წრეში, გაიხსნა გულის ჯიბე და სულ თუმნიანები
ურტყა შუბლში მედოლ_ მეგარმონეს. რომ აღარ გაჩერდა, იმის ბალღები გაიქცნენ და დედას შესჩივლეს, მამა ცეკვავსო.
აღარც სირცხვილი, აღარც ხალხის წინ რიდი, _ ეცა ფეფო საცეკვაოში ახიელს და ჩაებღაუჭა ხელებზე. ახიელმა იწყინა და ფეხებქვეშ გაიგდო ფეფო.
_ ახია, ქმრის საქმეში რომ ქალი ჩაერევა, ეგრე მოუხდება! _ ასე ამტყუნებდა ხალხი ფეფოს, რომელიც ძლივს გამობობღდა საცეკვაო წრიდან.
ახიელი მთელი ღამე ცეკვავდა.
მთელი ღამე ჭყვიტინებდა დოლ_ გარმონი.
ორი კვირის მერე ხუხულა ჩამოენგრევა ფეფოს და მის ოჯახს...
მერე წავა წლები, დაქვრივდება ფეფო; თავის გზას დაადგებიან შვილები, ბიჭები ომში წავლენ და უკან აღარ მოვლენ, ქალიშვილი შორს გათხოვდება. დარჩება ფეფო მარტოკა.
აირევა ქვეყანა.
ისედაც ბინდისფერი სოფელი კიდევ უფრო გაბინდისფრდება.
ფეფოს ჯანი წაერთმის, მუხლებში სიბერე ჩაუდგება და რაკი ქვრივ-ობოლს აღარავინ გაუმართავს ხელს, ფეფო თვითონ ძლივს თიბავს საზამთროდ ბალახს. ის კი არა, მეზობელი, რომელსაც სათიბი ფეფოს მოსაზღვრედ აქვს, ღამღამობით ფეფოს სათიბში აბამს თავის ცხენს. ბალახი ითელება და ღონეწართმეულ ქალს უჭირს ჩაწოლილი ბალახის თიბვა. მეზობელი იფიცება: ჩემს სათიბში დავაბი და აშვებულაო, თუმცა ფეფო ხედავს, რომ ცხენის პატრონის სათიბში მარსლიც არ არის წაქცეული.
ერთხელ...
ორჯერ...
სამჯერ...
და ერთხელაც, როცა ფეფომ ვეღარ შეძლო ცხენისაგან გათელილი ბალახის გამოთიბვა, უღონოდ გადააგდო ცელი, გადავიდა ცხენის პატრონის სათიბში, დაწვა, ცხენივით დაიწყო ჭიხვინი და ცრემლმორეული გაგორდა და გამოგორდა.
მზიანი, ცხელი დღე იყო.
მოხუცი მიგორავდა და სთელავდა აბიბინებულ სათიბს.
უცებ შედგა, თავი წამოსწია და მიაშტერდა მოცისფრო ყვავილს, რომელსაც აქაურები "თამარის თვალებს" ეძახიან, თავბრუ ეხვეოდა და ირგვლივ ყველაფერი ტრიალებდა. მარტო ამ ერთ ყვავილს ხედავდა გამოკვეთილად მოხუცის თვალები.
ეს ყვავილი გაახსენებს დედაბერს ბავშვობას, გაახსენდება, რომ თვითონაც იყო ერთხელ "თამარ დედოფალი", რაღაც ღვთაებრივი შუქით გაუნათდება სახე და თითქოს თავის თავს საყვედურობსო, იტყვის:
_ აი, შე ჯანდამწვარო, ჩემო ქალობავ!
წამოდგება, გაასწორებს მეზობლის სათიბში მოთელილ ბალახს, მძიმედ, ბებრული უღონო მოძრაობით დაიხრება, ცელს მხარზე გაიდებს და ასევე მძიმედ, წელში მოხრილი გაუყვება სოფლისაკენ მიმავალ აღმართს.
მაგრამ ეს ყველაფერი მერე იქნება, ჯერ კი "ბატონები" ბატონობენ, პატარა ფეფო ყვავილებით მორთულ ლოგინში წევს. დედამისი კეცზე შეწითლებულ მჭადებს ატრიალებს, სახლის კარი ნელა იღება, შემოდის მეზობელი, საწოლთან მუხლს მოიდრეკს და იტყვის:
_ ხომ მშვიდობით ბრძანდებით, დედოფალო?
. . . . . . . . . . . . . . . . .
_ ღმერთმა მშვიდობა ნუ მოგიშალოს, წამკითხველო!

??????