სამტრედია
გული ბორგავს, მკერდში ვეღარ ჩაეტია,
გოგო შემხვდა დახატული, ჰგავდა ირემს,
სამტრედია ლამაზების სამტრედეა,
აქ გულს ალბათ სიყვარული გადამირევს.
არ მსურს სიტყვა უწალო და უმარილო,
ცა დაჰყურებს მთვარის აზარფეშიანი,
აქ ვერ ნახავ ერთ გოჯ მიწას უყვავილოდ,
აქ ბუნებაც თითქოს ვაჟას პეშვი არის
და ულექსოდ გული როგორ გამიქვავდეს,
სიმღერები თუმც არ ვიცი რიგიანი,
აქ ერთი დღეც ისე როგორ დამიღამდეს,
ვერ ვთქვა სიტყვა ქართველური, ჯიგრიანი
და ვიმღერი მე სტუმარი ამა მიწის,
იქნებ სადმე ის კვლავ შემხვდეს ალალ-ბედად,
სიჭაბუკე კარგად ვიცი, არ დამიცდის,
გული დამაქვს სიყვარულის ალავერდად.
ეს სინათლე ჩემში ვეღარ ჩაეტია,
გოგო შემხვდა დახატული ჰგავდა ირემს,
სამტრედია ლამაზების სამტრედეა,
აქ გულს ალბათ სიყვარული გადამირევს.