ჯინჭარაძე იური
გაზიარება

ქართველობას დავიკვეხნი 

ო, ვერასდროს დაივიწყე მიწა ოქრონატევარი,
თუ ხელში არ გაგცვეთია პაპიშენის სატევარი,
თუ ოდესმე გილოცნია სვეტიცხოვლის ტაძრის კართან,
თუ ოდესმე შენც გიგრძვნია ტკივილები ნატყვიართა.
როცა მთვარე აგორდება ცაზე, ქვეყნის ეშხით მთვრალი,
საქართველოს ბაღებს ხატავს, როგორც ნიკო ფიროსმანი,
როცა ველი მატიანე ისტორიის ეტრატს გაშლის,
როცა ალი ავარდება კრწანისსა და მარაბდაში,
როცა ირმის სავალ ბილიკს მისდევს მათე ბიჭის ფეხი,
როცა ოქროს სტრიქონიდან ატოტდება უმალ ვეფხვი,
აი მაშინ, სწორედ მაშინ, ქართველობას დავიკვეხნი!
*
თავზე ფიფქმა დამათოვა, გარდასულზე ფიქრი მიყვარს,
მე თაყვანს ვცემ საიათნოვას, სიმღერებით დამწვარ ჯიგარს,
ორთაჭალურ შოთის პურებს, ტივზე ტიკით ქართულ ღვინოს,
კინტოს პერანგს, დაბალ დუქანს, სვეტიცხოვლის ტაძრის მირონს,
შაითანთა ტრიოლეტებს, კოჭლი მხედრის შემოძახილს,
სააკაძის რკინის მუშტებს, შვილის თავთან წუთით დახრილს.
მიყვარს მათი მოგონება, მათი ფერხთა მტვერიც მიყვარს,
მე იმ ფიცის გამგონე ვარ, ასპინძაში რაიც ითქვა.
*
და დღეს როდესაც გაისმის, – კვალი გაიტა ბოლომდე,
თუ წინათ ხმალით იბრძოდი, დღეს უნდა შრომით ომობდე
მსურს, მცხეთას ფეხი დავარტყა, ოძელაანთ ბიჭს დავძახო: –
–ადე, მგლის მუხლი მაიბი, რამ წაგახდინა, ყაზახო!
–როცა ჩუქურთმა მაღლდება სიყვარულის და ძმობისა,
–ისეთი, მოეწონებათ ბექა და ბეშქენ ოპიზრებს,
–გულში იფეთქებს სიმღერა, გული ხომ გრძნობის ზღვა არის,
–აქ ახლა ფიქრიც სხვა არის, აქ ახლა გრძნობაც სხვა არის,
–ქართველი ისევ ქართველობს, თავისუფლებას უგალობს,
–შენ იხსენ განსაცდელისგან, შენ, ყოვლისშემძლე უფალო.
....................
როცა უფრო ლამაზ ხვალეს ვხვდებით ლამაზ იმედებით,
როს არწივულ შემართებით მომავალში ვიხედებით,
როს წარსულზე ფიქრი გვიყვარს, გვიყვარს ნანა ქართველ დედის,
როცა მწარედ მოვიგონებთ შაჰ-აბასს და ჯალალ ედ-დინს,
როს წინაპართ შეძახილი ცას გასწვდება როგორც მეხი,
აი მაშინ, სწორედ მაშინ, ქართველობას დავიკვეხნი.

??????