29 აგვისტო, 1990, თბილისი ექსკლიუზივი
მეფე სისხლიან წისქვილების, არა-ტიტანი!
არ ჰყვარებია მას ბავშვები არავითარი,
გაიწით ყველამ, რომ ქვეშ ვინმე არ დაიტანოს!
გაიწით იქით, ოციანი წლების ბავშვებო,
ოცდაჩვიდმეტის, შემდგომის, თუ ორმოცდაერთის
და სულ ახლებო, სითამამით თავის აშვებით
ეგ სახელებიც ისტორიის დასკვნას დაერთვის.
გათავისუფლდა მოედანი და იგრძნო შვება
შავი კოლოსით დათრგუნვილმა თბილისის ცამა
მოშორდა ლაჟვარდს მაჯლაჯუნა, არ მენანება
სიყალბის მამა, ბოღმის მამა, შიმშილის მამა!
ჩემს სიცოცხლეში მისთვის სიტყვა არ მიმიძღვნია,
რასაც ახლა ვწერ, თუნდაც, განა ეს არის ლექსი?
ეს – დოლაბებში მოსრესილი წლების ნამცვრევი,
ძვირფას სახელთა, ოცნებების მწარე ნამსხვრევი,
გადატკეპნილთა სამარეთა ამონაკვნესი.
უბრალოდ ვამბობ, იქნებ ამას არცა აქვს აზრი
და არც ხელს ვაწერ, თუ იკადრებთ – იყოს ყველასი...
მე მხოლოდ მინდა შევევედრო ღვთისმშობელს ასე,
მისკენ აღავლენს თუ ჩვენს ამბავს დღეს ანგელოზი:
ჰოი, დედაო, ღვთისმშობელო, მოგიდრეკთ მუხლსა,
სამარადისოდ შენს სასაწაულს მივანდეთ თავი,
შენ გვიპატიე მტერი ჩვენი, დედაო ღვთისავ,
შენ გვიპატიე მტერი ხილული და უხილავი.