გაბრიჩიძე ნელი
გაზიარება

ნათია 

ეს არის, ქვეყნად რაც მაბადია,
ხეზე გასაფრენ ბარტყივით შევსვი –
ჩემი პატარა ქალი – ნათია,
მშობელ მიწაში გადგმული ფესვი.
მაინც ეს იყო ალბათ მთავარი,
სხვა ყველაფერი იყო მზადება,
ჩემი ნათია, როგორც თამარი,
წამწამთა რხევით შემობრძანდება.
და გაზაფხულის ფერი ედება
მის თვალებს, კაბებს, სათამაშოებს,
მისი ღიმილი მეიმედება
და მის სინათლეს რა დამაშორებს.
მე მას ვთავაზობ ცას და ვარსკვლავებს,
მისთვის ვშრიალებ მწვანე ფოთლებით
და მის სიზმრებთან ჩუმად ვკანკალებ
ყრუ სტრიქონებით, რწმენით, ცოდვებით...
მაინც ეს იყო ალბათ მთავარი,
სხვა ყველაფერი იყო მზადება,
ჩემი ნათია, როგორც თამარი,
წამწამთა რხევით შემობრძანდება.

??????