ლაზარე
I
– ცხრა განწირული ძახილი საბლად ჩავკიდე შავეთს,
ცხრა მზე ბრუნავდა, ცხრაბნელი, უკუმოვიხვენ ცხრავე...
რას ითვლი, მუხის მერქანო, რამდენისა ვართ ხანად,
ხვალ თექვსმეტისა ვიქნები, თუ გაზაფხულმა ბრძანა,
და ვიდრე ჟამი დაკრავდეს, კვლავ ჩამიხვევდეს ჩქერი,
გლეხის ბიჭი ვარ, ლაზარე, ხნულში ვდგავარ და ვმღერი...
ცის ნათელს მღერის ლაზარე, მთებზე დაფენილ ციაგს,
მარტის ნაწვიმარ კალთაზე მღერის ალგეთს და ლიახვს.
მიწის ნაზამთრალ გულისპირს ამოეწვდება მწვანით,
ფეთქავს, მოხვივის, მოგალობს ქართლის ხასხასა ტანი...
II
მოზარე ქალთა კრებული რისთვის დამსხდარა მცხეთას?
რისთვის მოარწევს მდინარე წითლად შემოსილ ცხედარს?
რისთვის მოდიან მხედრები ანანურით თუ არშით?
– შენი ღიმილი მიყვარდა, წყვილი პეპელა ქარში.
– შენი მზისფერი მიყვარდა, მწიფე თავთუხის ხვავი.
– შენი რიჟრაჟი მიყვარდა, მჟავე სურნელი ჭვავის...
ვერც ხანძრით ამოშაშრავენ, ვერც განგმირავენ ლახვრით
შენს სხეულს, ქართლის ველებზე მზებუდობებად დაღვრილს.
მიწის გულიდან მოჟონავ, ციდან მოჰყვები ტაროსს,
შენ, ჩემო მწვანე მერეხო, ყვავილდასხმულო ღვარო...
III
როგორ მოარხევს ბინდისფერს ქარში ალვების წყება,
მინდორზე მოვის პერანგი როგორ თოვლივით დნება...
სხივთალხით განათებულა, სალაზარობო ნათლით,
ქართლი, გვირგვინი ეკლისა, მწირის არგანი, ქართლი.
მუხლებზე ხელებდაყრილი ვზივარ ეკვდერთან მარტო.
– არ ჩაქრე, მწარე სახმილო, მაცოცხლებელო დარდო...