უკანასკნელი ლექსებიდან
როგორ გაძინებს, გინდა იცინო.
ჩვენს ძველ სოფელში ერთი პრინცია
და პრინცესები : ჰელი, ციცინო.
ეს თრობის მტვერი ხეებზე ხეებს,
ამ აკაციას, ტყემლიდან ატამს-
სურნელ ტალღებად ქარებში ატანს
და სუნთქავ ველურ პარფიუმერიას.
ნუ გაიხსენებ დაცემულ დღეებს
და ნურც გაწმინდავ წარსულს მტვერიანს,
იყავი ბავშვი, აჰყევი კატას,
როგორც საყვარელ ქალს ისტერიანს.
საყდრის გუმბათებს აღარ ვახსოვარ...
სალამი გუმბათს, ბრწყინვალე მნათობს!
ღამდება მწვანედ და ფიქრი გვათოვს.
ზარების ლოცვა ქარმა დაქსოვა.
იესო, ჩემი სულის მაცხოვარ...
ილეკოს გზები
წამოსულ წყალის
და წმინდა ბზები
კუბოთა კვალის,
თეთრ ყვავილებით დამარხეს ქალი.
ხვალ ქრისტე მოვა, ელიან მკვდრები,
მე საწამლავით ბარძიმებს ველი.
მე ველი დარდებს – ცა ზამბახდება.
მოვა პრინცესა ციცინო, ჰელი,
ალბათ სიზმარიც კარგად ახდება!
1919