კარმელი შალვა
გაზიარება

რემბოს სიკვდილი 

ჩუმი ოთახი ფანჯრების რაზით,
სანთლის ვარსკვლავით ნაცისკროვნები,
პატარა არღნის ხრიალი ნაზი
და რიტურნელში ძველი ხსოვნები.
რემბო, უფეხო და ნათრევალა,
უცქერის გლობუსს დაკეცილ გზებით,
მას მძიმე ტვირთი ქვეყნად ევალა
უდაბნოებით და სასტიკ ზღვებით.
მოხეტიალე ცისკრის მოლარე, 
ხან ჯარისკაცი გამოქცეული,
რემბო! გაივსო ქისა დოლარით 
და ცხელ აფრიკას გარბი წყეული.
წმინდა ზანგები ვაჭარს ელიან
ყავით, პილპილით და სპილოს ძვლებით,
აქ კი ევროპა საძულველია
მოწყენილ რასსით და გრძელი წლებით.
ყველა პოეტებს უცვალე ფერი,
პარიზის ტახტტზე ახველ დროებით, 
რემბო! გვაბრმავებ ლექსებით, მერე-
ბიოგრაფიით და ოქროებით. 
შენ, პოეზიის გამცემ იუდას- 
გძრახავენ და განსჯას თვით ქრისტე მართავს,
მაგრამ მაგ სახელს გვირგვინს მიუტანს, 
რომ გეძახოდნენ შენ ''რემბო მართალს''!
და ჯოჯოხეთის სეზონით მთვრალი 
შენი ხომალდით ფიქრით ნგრევაში-
და საფრანგეთის დეკადანს მწყრალი
საქართველოდან ელის რევანში.

??????