უტოპია
უტოპიაა ჩემი ცხოვრება,
რადგან არ მყავხარ!
ზღვაში... ცაში,..
და ეგ კი არა,
ალბათ კოსმიურ ქაოსშიაც კი
მოგძებნიდი და
ვიცი რომ თავსაც
არ დავინდობდი.
რადგან მინდოდი.
გადავიდოდი -
უფრო მყარად,
უფრო მარტივად,
უფრო მკვეთრად
- შავიდან თეთრში
შენ რომ მყოლოდი...
და წმინდა გულით -
შევხვდებოდი ცოდვილ განთიადს,
რომ ამყოლოდი...
მომინანქრებულ შემოდგომის
ხმელ ფოთლებს შორის
ფრთხილად, შეპარვით, ჰო, ჩემსავით -
ზამთარი მოდის.
დამაჩნდებოდი იებივით
ლურჯად მაჯებზე...
და ვიქნებოდით
მთელი სამყარო
მხოლოდ მე და შენ -
გათენებიდან დაღამებამდე -
მე შენში ვსახლობ,
თქვი რაც გინდა,
ოღონდ უარს ვერ დამაჯერებ!
იმ თბილისიდან ამ თბილისამდე
ხელით ვეხები მტკვარს, როცა სძინავს.
მეტეხთან ძილი ვის გაუგია?!
ცისკარს უფალთან ახლოს აქვს ბინა
და ვხვდები არის ძალიან გვიან.
სისხლის წვეთები აჩნია რიყეს,
პეშვით წყალს ვატან ხავსიან სიზმარს,
ახლა გამხმარი შოთივით ვიყოფთ,
აბოს ცრემლებით ნასველებ მიწას.
მტკივა, დარდიან წყვილ მზერას ვახლი -
წყალი ტოკავს და წრეწირებს ხაზავს,
დღეს ჩოხებითაც ჭრელია ხალხი,
ალმური ასდის შაითანბაზარს.
ყველა მდინარე თავის მსხვერპლს ითხოვს -
თითქოს ძარღვებში ჩვენს სისხლს ისხამდეს,
და ვცხოვრობთ ასე, ერთად და თითოდ -
იმ თბილისიდან ამ თბილისამდე.