წიკლაური ხვთისო
გაზიარება

მამის ხელები 

მათ არ უსინჯავთ უხვი საუნჯე
ძუნწის ცახცახით და ხარბის ღელვით,
გათოშილ მოძმეს ცეცხლი დაუნთეს
და შეუმშრალეს ვაების ცრემლი.
ნუგეშის შუქად შევიდნენ გულში,
მშიერს მიაგეს ხემსად ხმიადი,
შექმნეს ქველობის ტაძარი ლურჯი,
უღრუბლო ცაზე, ვით განთიადი.
მათ არ უსინჯავთ მდიდრული განძი
და არც მამონა დაუსვამთ ღმერთად,
არამი ლუკმა გასწიეს განზე
და მძიმედ გაჰყვნენ საკუთარ ერქვანს.
მზეს ვფიცავ,
ღირდნენ თვალის შევლებად,
როცა ძირს დასცეს, როგორც ფიტული,
მტერი
და გავდა ცის გაელვებას
მახვილი _ მათგან ამოზიდული.
განთიადივით ჩანს მომავალი
და მოქრის ჩემსკენ შეუჩერებლად.
ჩემს ხელებს რამდენ რამეს ავალებს
ის, რაც აკეთეს მამის ხელებმა.

??????