წიკლაური ხვთისო
გაზიარება

მწყრები გალიებში 

აქ, გალიებში დარდობენ მწყრები, –
მონატრებიათ სხივი მკათათვის,
მაგრამ მზე სადღაც თავისთვის წვება
და დღე სხივების ხიდზე გადადის...
მათ ესიზმრებათ, ეს მერამდენედ,
რომ ყანა თავის ასაკს ამთავრებს...
და იმ ზმანებებს ფერად-ფერადებს
ჭრელი კვერცხებით გამოხატავენ.
სევდიან ხმებით სავსე ჭურჭლები,
რკინის მახეში როდის გაებნენ?
ბუნება მაინც ბუმბულს უჭრელებს
თავის წესზე და საღებავებზე...
მათ თითქოს ქმნიდნენ ქალის თითები
ნაზი, ქალური შთაბეჭდილებით...
ზედ აქარგიათ მწვანე მინდვრები,
მერცხლის ყანები და ჯეჯილები...
აქ, გალიებში დაგოგმანებენ,
სადღაც ძაღლები დგანან ნაბულზე...
არ უჩანს ბოლო იმათ ზმანებებს
ვერცხლის წვიმებზე და გაზაფხულზე...
გმადლობთ, ცხოვრებავ,
ძალიან გმადლობთ
და ვერასოდეს ვერ შეგელევით:
სიკეთისაკენ თეთრ სიზმრებს გვათოვ,
ცხადში გვაკავებ რკინის ხელებით.

??????