წიკლაური ხვთისო
გაზიარება

ბალახი 

სად არ ვთიბეთ და ვმარგლეთ ბალახი, –
ზღუდე ვუმაგრეთ სიცოცხლის ადგილს,
შემოვაფლითეთ მთებს ყაბალახი
და ნაფლეთები ზვინებად დავდგით.
ცეცხლით ჩავახშეთ შამბის ყაყანი,
რომ აწვებოდა კედლებს და შუკებს...
შევყარეთ დიდი ლხინის მაყარი, –
ბნელი დავაფრთხეთ კაშკაშა შუქით.
მაგრამ ის, მაინც,
სავალს საჩვენოს,
შეუჩერებლად, დღისით და ღამით,
ფარავს ნელ-ნელა
და ჩვენს გარშემო
მოისმის მისი ჯიუტი ჩქამი...
ცელები ვცვითეთ,
წლები დავხურეთ
შამბნართან ომში,
მაგრამ ჯიუტად
მოიწევს ის...
და სხვა გაზაფხულებს
ჩვენი არყოფნის ამბავს მიუტანს.

??????