ციკლიდან "გამოთხოვება"
წლებო, ჩამჭკნარან ლამაზმანები
თქვენი სუსხით და თქვენი სიმკაცრით...
თქვენი ნების და თქვენი ბრძანების
ვიყავ ერთგული მე ჯარისკაცი.
უკვე დავკიდე კედელზე ხმალი,
(ბოროტი ხელი ნუმც შეეხება)
ჩემი ხირიმის ექო და ხმანი
ჩაიბუხუნეს უკვე ეხებმა.
დამჩხავის მხოლოდ დარდის ჭილყვავი
გამქრალა თეთრთა კბილთა ბრწყინება...
მე თვითონ, თვითონ ექო ვიყავი,
ქარაფთა ერთი ამოგმინება.
დამდნარა, თეთრი კაბა რომ გეცვა,
მდინარე ასას გიგავდა თმები...
თვალებში ჩამრჩა სამშობლოს ზეცა
შემოქარგული ამაყი მთებით...
მშვიდობით! – მტოვებ ნათელი ცათა
უშენოდ მიზანს კარგავს ცხოვრება...
მივდივარ,
იქით მივდივარ, სადაც
არც შეხვედრაა,
არც განშორება.