ტყეში
საკუთარ თავთან პირისპირ ვრჩები,
ის სისულელეს მკარნახობს ათასს...
ცა, რეალური, სად გაჰქრა ჩემი?
ან... თუ არსებობს ეს წამი მართლა?
ავობს – ეხლება აჩრდილს აჩრდილი,
ერთი მეორეს რა განძს უმალავს?
ბოლავს მწვანედ მზის ჩიბუხგაჩრილი
წიფელი: დროს ქსოვს, ელვის უმალესს
და ჟრიამულად ურიგებს ჩიტებს,
დარდს რო ფანტავენ პაწია ფრთებით.
მე ვიტევ მთელ ტყეს? თუ ტყე მე მიტევს?
კვლავ ვიბადები? თუ ქარში... ვქრები?
აგერ: სად გარბის და გარბის წყალი? –
უარყოფს თავის სტიქიას თვითვე?
მაშინ რატომ თხზავს ნაპირთა ყალიბს?
ფეხს `სისა ტურას~ რად უწყობს რიტმებს?
და უზრუნველი სხვა ხილვებს მაწვდის
და არ ამტკიცებს არაფერს, ოდენ
დაედარება ფრთებგაშლილ არწივს,
ოდეს ჩანჩქერად დასცდება კბოდეს,
ჩეკავს და ჩეკავს ქაფის თოლიებს,
ყველა მათგანი ტრფობის მეკვლეა.
...ეს სიცხადეა, თუ ყოველივე
დაღლილი გულის ანარეკლია?