ინჯია ჯემალ
გაზიარება

უსათაურო 

როდესაც მთავარანგელოზი ეწვევა ჯუმათს,
მკვდრის მზე მისწვდება შიომღვიმის როდესაც საყდარს,
როდესაც ქალი აღსარებას წარმოთქვამს ჩუმად
იმედით _ ღმერთი რომ შეუნდობს საქციელს წამხდარს.
როდესაც მამა თადეოზი იქ მატრაპეზებს,
სადაც იხილავ ვერხვებს ხმელებს და ახოვანებს
და ჩემს წინ სავსე მთვარესავით დიდ მათლაფებზე
აღდგომის კვერცხებს ნაკვერჩხლებად დაახორავებს,
როდესაც ყრმანი ვერაგულ სენს სძლევენ სინორჩით,
როდესაც კოცნა თავგანწირვის ფასად გიჯდება,
როდესაც ჰამლეტს ისევ უყვარს ძველ ელსინორში
გაგიჟებული ოფელია გასაგიჟებლად, _
მაშინ არ მინდა, ჩაქრეს ჩვენი ბედის ვარსკვლავი
და ოცნებათა ზღვაში შეწყდეს ჩვენი ტივტივი,
არ გამოგვედოს ბორკილივით ანდა ქვასავით
აზვავებული სიყვარული ზურგზე ტვირთივით.
ხელის მტევნები ჩამაწურე ფერგაცლილ თმაში,
დამსკდარ ტუჩებზე შემიხორცე ნაჭრილობევი,
თაკარა მზეში გამიკეთე მზისფერი თავშლით
ოქროს ჩარდახის დასადარი საჩრდილობელი.
გვიან მობრძანდეს ბედისწერა, ჩემზე მომძლავრდეს,
შენ აქ დაგტოვებს, მე წამიყვანს, განა ვვეჭვდები.
შერჩება კედლის კალენდრიდან ერთ-ერთ მომძვრალ დღეს
ჩემი თითების ნერვიული ანაბეჭდები.

??????