აღსარება (პოეტური მიგნებების გარეშე)
მარტივად,
ისე,
რომ სიკვდილზე კიდიხარ,
ცხოვრებას (დოგმაა) ტონი აქვს უხეში,
ყველა კონცეფცია და ყველა იდეა,
ყველა თეორია მცდარია - ფუ, ეშმაკს,
აქ ხვდები პარადოქსს -
ჩანს წინ წაიწევა
საქმე და სიტყვები სიტყვებში გაგრევენ,
უფალი ყოველთვის უფრო მეტს იძლევა,
ვიდრე სთხოვ,
რწმენისგან დარჩენილ ნანგრევებს
თუ არ მოუფრთხილდი,
ერთხელაც მოხდება -
დადგება განგება შემთხვევის დონეზე,
პირველი რჩევაა - მკვდარი ნუ მოკვდები,
მეორე - კაცი რომ მეტია ცხოველზე.
იცინი
(სიმწრისგან),
რომ სერიოზული,
არის განლაგება ქაოსში საგნების -
პოეტი გქვია და ცოლი გყავს ორსულად -
რა შუაშია და - ძნელია გაგნება
გზის,
როცა სივრცესაც სჩვევია დუმილი,
მართალი ყოველთვის თავს ჩათვლის ცოდვილად,
ეპოქა წყდება და გაბმული ყმუილის
აზრია უაზრო,
ფუ, შენი,
მოდი, რა -
აქციე ზურგი ამ ხმას - გულისარევის,
გეგმა ვინც დაიდო წინ - იმოგზაუროს
თვითონ და მოეშვი წეს-წყობის არევას,
წესი რა წესია - თუ აურზაური,
აღრევა,
დებოში არ გამოიწვია,
ფეხები რად გინდა - თუ ძლივს არ მიათრევ,
ასეა,
შენამდეც მრავალმა იწვნია,
რომ ყველას თავისი ჰქონია სიმართლე.
რადგანაც გრძელია გზა,
გარდაუვალი,
აქამდე ყოფილთა,
არდაბადებულთა,
და შეწყალებაზე ნათქვამი უარი -
დროა,
რომ უარყო,
სანამ ჩაგეხუთა
ჰაერი,
ცხოვრება ნამდვილი ომია,
შედეგი არასდროს ემთხვევა მოლოდინს,
ვერც შენ გადარჩები,
თუ არ გითხოვია
უფლისთვის - ინებოს,
გახვიდე ბოლომდე.
რადგანაც ყელში გაქვს გაჩრილი ცოდვები,
ჰგავხარ უსურვილო,
უსულო თვითმკვლელებს,
სანამ შენს მყიფე ძვლებს მიწიდან მოკრებენ,
ილოცე -
მიშველე,
უფალო,
მიშველე...
დღეს ყველა სწავლული შტერია,
პედანტი,
ყველა გულმხურვალე - საზიზღარად მლიქვნელი,
ამ თემის გარშემო გამართულ დებატებს -
გამოთქმულ სირეგვნეს,
გამოთქმულ სიქველეს
ვინ რა თავში იხლის,
დროს -
წარსულს
რა შეცვლის...
ის მხოლოდ უდროოდ წასულებს ენდობა,
ვფიქრობ,
ყველა კითხვას პასუხი გაეცა,
დღეს თუ ხარ ცოცხალი - დღეს ითხოვ შენდობას.
მიყვები არაეულ-დარეულ დინებებს
(აქ უკვე საშინლად გეშლება ნერვები),
ოცი საუკუნის წინ
ღმერთმა ინება
და შენთვის ჯვარს ეცვა და დღემდე ევნება.