საყოვედღეო ეპისტოლე
’’ვაი რა ვნახე, ეს რა დღე მოვინახია?’’
უსმენ ყველა კაცს,სულერთია რას ამბობს ასეთს,
წვიმასაც უსმენ, ძირს როგორ ჰყრის ცა ღრუბლის ჩენჩოს,
თვალს გადაავლებ სიზმარს უკან, თუ ნახავ რამეს,
(თუ რა თქმა უნდა ძილისათვის არ გახდი ურჩი)
და არ დაიწყე გარჩეული წვიმების დათვლა,
რიკულებიდან გადმოსული სისველე ფეხით
არ აურიე და პირდაპირ აივნის თაღთან
გადაკიდებულ სარეცხივით ძილი დაფერთხე.
ღია ფანჯრებზე ბინდს აფარებ, როგორც თხელ ფარდას,
ჯერ მოუთელავ სიბნელეში თვალებს რომ რული
არ ეკარება, ვერ ისვენებ , მიდიხარ კართან
და აღებ, ისე, ინსტიქტურად,- არავის უცდი.
გამვლელებს უყეფს უღიმღამოდ ეზოდან ძაღლი,
იქ,ზევით, ზეცის ფერდზე გადის ღრუბლების ღელე,
წვიმს ყოველ ღამე.ფანჯრებღია ოთახი. ცალი
ფიქრია შენი,დანარჩენს რომ ზეცაში ეძებ-
ხარ უმადური ღმერთის, თვითონ არ იცი მოვლა,
რაცა გაქვს იმის-გაზაფხულის,სახლის, თუ ნივთის,
ემოციური ზეწოლაა, ლექსების როცა
არ გინდა ძებნა - ყველა ცხვარი დედასთან მიდის.
(ასე გამოდის, ყველა სიტყვა შენ გიბრუნდება.)
ვიღაც ლეშივით გისაფრება პასუხად დაგგლეჯს.
აპრილის დროით,გულს გიწუხებს,მზე რომ დუნეა,
ჰგვანან დღეები ჭირვეულ და მტირალა ბავშვებს.
უსმენ ყველა კაცს-მოკვდავსა, თუ ყველა მომაკვდავს,
უსმენდი ბებოს,სიკვდილის წინ. სისხლითაც დუმდი.
მოძღვარსაც უსმენ,გულისყურით,მაგრამ მოგწამლა
ცოდვამ,რომელსაც გაწოდებდა ცხოვრება უმად,
მზემოუხარშავ გაზაფხულზე. სველ მიწას გულში
უფენენ მკვდარი სიყვარულის ძვლებს პორციებად,
წვები და ფიქრებს საზიარო პარაკლისს უხდი-
და ხდება მეტი, ჭირისუფლის გამოცდილება.
უსმენ ყველა კაცს,სულერთია რას ამბობს ასეთს.
ასჯერ მოსმენილს ერთხელ ნახო,
გირჩევენ-
არ ღირს...