ნიშნიანიძე შოთა
გაზიარება

დუბლიორი  

 

ერთ მთავარ როლში ორის თამაში–
ეს არის როლის აგდება მასხრად,

 

ორის მეფობა ერთ ქვეყანაში 
და ეშაფოტზე ერთ–ერთის ასვლა.
ყველას სურს დედნის ერთადერთობა
და არა ასლის ფუჭი ხმაური.
კვარცხლბეკი მაინც  ვერ დაეთმობა,
თუნდ იყოს ასლი გენიალური.
სად არის ერთი ჭეშმარიტება,
როლის თუ ნიღბის წვდომა ძირამდე?
ერთი სიმართლე როგორ იქნება
ჩემი სიმართლეც, სხვისი სიმართლეც!
მე მშინ ვცდები, მაშინ ვმარცხდები,
მეტოქისათვის როცა ვთამაშობ,
მაშინ უძეგლო მე ვარ კვარცხლბეკი

ანდა დრამაში–კადრი საბავშვო.
ის ჩემ შეცდომებს, ყალბ შტრიხებს, ნიღბებს,
ოდესმე ალბათ რაც გამაცინებს,
ჩუმად აგროვებს 
და სცენის მიღმა
დამიყრის, როგორც პროკლამაციებს.
ან ერთის ტრიუმფს შევეთვისებით,
ან სცენა უნდა დავთმოთ ერთ–ერთმა...
და ის თავის როლს, თავის ღირსებას
სახეშ მესვრის, როგორც ხელთათმანს.
...................................................................
ეშაფოტივით ამართულ სცენებს
ეხლება შიში, დავა თუ განსჯა.
გრიალებს ტაში...ეს მერამდენედ
შენ გეპატია სიკვდილით დასჯა...

??????