წუთისოფელი
ცოტაა წუთისოფელი
სიფრთხილე უნდა ცოტასა,
ნეტავ მას, ვინც არ წაიღებს
საფლავში არც ერთ ცოდვასა...
რაა იმაზე სიკვდილი
ცოცხალს ეთქმოდეს – მკვდარია,
იარე იორივითა –
შმორდება გუბედ მდგარია...
რად ჩნდება ვისი სიცოცხლეც
სიცოცხლეშივე მჭკნარია,
ბევრ ღირსეულს კი უდროოდ
ერგო სამარის კარია...
სამყარო არის სატახტო,
სიცოცხლე მეფედ მჯდარია,
დღე-ღამის ესხმის ფოთოლი –
ჰყავს საუკუნეთ ჯარია,
იქ ვერ გვარობენ ყორნები
სადაც არწივნი არიან!