ხაიაური ალაზა
გაზიარება

ვაჟა-ფშაველას საფლავთან თქმული მთაწმინდაზე 

ადექ, ჩარგალში ჩამოდი,
ჩამოჩვეულან ჯიხვები,
ლექსს იტყვი ულერწამოდა –
დავითოვ – დავიჭირხლები...
ხევებს ჩავყვებით ჩაუვალს,
სუნთქვა შესწყვიტონ ხრამებმა,
ბაგეს რომ გაშლი Pფშაურად
მთებს გული მოეფხანება!
არ მოდიხარ და ვარ ეჭვით –
მითხარ მიზეზი ეგ თუა, –
რომ, ლომო, შენი მხარ-ბეჭი
ვერ დაეტევა მთებს შუა...
რომ ჩამქრალ თვალით ნაწვიმარ
ღელეს გზა გაუხშირდება,
რომ მთად ყოფნისთვის მთაწმინდას
შენი სიმაღლე სჭირდება,
და მინდა გითხრა ახლავე,
რაც მითხრეს გულის ფიქრებმა,
სადაც შენ დაგასაფლავებთ,
ყველგან მთაწმინდა იქნება!
ხმა გაგიწვდება ათას წელს,
დღეს კი მიწა გაქვს საფარი,
თუმც შენს გულ-მკერდს რომ გადასწვდეს
იმდენი მიწა სად არი...
ერთ თვალში მიწა ჩამდგარა,
ერთში მზის ნაღვერდალია,
საფლავში გვერდს თუ არ იცვლი,
მიწისძვრა მაშ რის ბრალია!
ძუძუ შეგერგო უნებლივ
მთის ღალიანი ცურისა,
მგონია, შენ ხარ ბუნების
დაწყებაც-დასასრულიცა!
მთები ჰგავ დევთა მაყრობას,
და თვალს შენ ავლებ ელვიანს...
ვინ თქვას შენი ცის დაპყრობა
თვალიც ვერ შეგვიწვდენია!
დასცქერის ზეცა უკარო,
გალობენ ღრუბლის ბელტები,
ამოხეთქილო ვულკანო,
არასდროს გაგვინელდები!
სამშობლოს ჩვენაც ვეზრდებით,
ჩვენც ვფიქრობთ ლაგამ-აღვირზე,
დღეს რას ფიქრობენ ეს მთები,
ადექ, ისევ შენ აგვიხსენ!
შენს კვალზე დავიგეშებით,
რომ სიმაღლეებს ვედაოთ,
ვერვინ თქვას საქართველოზე:
ეგ არი, ლომი კვდებაო!..

??????