"მელოდიები ოქროს ბუდიდან"
სევდიანი პოემა
ლეიკოს _ ჩემს მარადიულ მეგობარს
(ნაწყვეტი)
1.
კარგად იცოდე, ჩვენი ცხოვრება
ვიღაცამ დაჰყო ნაწილ-ნაწილად:
ბედნიერებად, უბედურებად,
ხან რომ გვათოვა და ხან გვაწვიმა.
სევდად, ღიმილად, მწუხრად, ცრემლებად,
ლამაზ აპრილად, პირქუშ იანვრად,
გულში ტკივილად რომ ჩაეწერა
და მკერდს ნიაღვრად გადამიარა.
სევდით გავცქერი შორეთს დარდიანს
და მესმის მწუხრის ზარების რეკვა,
ცხოვრება ჭრელი მასკარადია,
ხან ვარდს გვთავაზობს და ხანაც ეკალს,
გააღებ სარკმელს, მზეა ბარჩხალა,
ხან მთვარე ნათობს, მთლად ნაღვლიანად,
ხანაც დამჩხავის ყვავი-ყვანჩალა
და მკერდზე კორტნის ღია იარას.
ჩემი კარებიც ბევრჯერ მოთელა
მოხეტიალე ქარმა ტიალმა,
წუთისოფელმან, მართლაც ორფერმა,
მითხარი, ვინ არ გაატიალა?!
2.
ხან გაანჩხლებით ჩხიკვი დამჩხავის,
ხან მაფშალია ტკბილად მიგალობს,
ღმერთო მაღალო, არ ვარ ლაჩარი,
არც დარდი-მანდი ვინმე ფიგარო.
დაბადებიდან თან დამყვა ბედად
ერთი ვარსკვლავი მისნად და მრჩევლად.
საგანძურივით გულს მიდევს სევდა
და ვცხოვრობ ასე, მე, შეუმჩნევლად.
3.
ნუთუ ვერ ხვდები, რომ ეს ცხოვრება
არის ქარის ხმა, სხვა არაფერი,
ამაოების ამაოება
და ემსგავსება კარებს მოფელილს,
თავაღერილი ჩვენ რომ შევდივართ
და გამოვდივართ თავდახრით გარე,
მზე რომ ამოდის და ასე ბრწყინავს,
რასა გვძენს?! – მხოლოდ გვიბრმავებს
თვალებს.
ნუთუ ვერ ხედავ, ნუთუ ვერ ხედავ
საგულდაგულოდ მოფელილ კარებს?!
წავიდა მამა, წავიდა დედა,
წავიდა ზაზა, მეც წავალ მალე.
4.
ნეტავ გუშინწინ იქ ვინ მღეროდა,
აქ ნეტავ გუშინ ვინ ჩაიარა,
ხვალინდელ მზეს რომ ასე ელოდა,
მეც გამიღიმა მთლად ნაღვლიანად?!
საბურთალოზე, კლდეზე ხე რომ დგას,
სამარადისოდ იქ დაივანა.
წუთისოფლისგან სხვას რას ელოდა,
ვინღა წასულა სხვა უწყინარად?!
ეს ვინ დაგვცქერის ნეტავ ზემოდან,
მართლაც ბრიყვია, მიხვდეს ვინ არა?!
და მეც ვეცემი, ვეცემი, ვდგები,
წყაროც დამშრალა ჩემი მცინარა,
შემართულია გაფრენად ფრთები,
მიწია ალბათ ჩემმა ფინალმა,
ძლივსღა ვბრუნდები სახლში
ღრმა ღელით,
სულ უკან მივალ, არა, წინ – არა,
შენ შენი გყოფნის თუმცა ნაღველი,
შენ შენი გყოფნის თუმცა იარა.
5.
და მზის ამოსვლას მე მაინც ველი
და ქედსაც ვუხრი მის სიდიადეს,
თუმც ხელთ რა შემრჩა?! –
მხოლოდ-ღა ბნელი,
მაინც სიბნელეს ჭარბობს სინათლე.
ჰა, მივუყვები თავდახრით დამრეცს,
ეს, მე ვარ, მე ვარ სიმღერა ხვალის,
ბევრი დავკარგე და ბევრიც გავეც,
უფრო მეტი კი მივიღე მაინც.
ცხოვრება ჩვენგან
მართლაც ბევრს ითხოვს,
უკვე მივდივარ, ფრთებს ძლივს მივათრევ,
გავეცი ჩემი წილხვედრი სითბო,
ჩემი წილხვედრი გავეც სინათლე.
6.
დიდება შენი, უფალო, მე მწამს,
და მწამს, ამიხდენ მე ყველა სურვილს,
არა, არ მინდა, მე შენი ზეცა,
აქ, ამ მიწაზე დარჩეს ეს სული,
ჩემი დაღლილი, ცოდვილი სული,
ხორცი ჩემი კი სადაც გსურს, ჩაფლე,
თუნდ ხეს დაკიდე წესით კოლხურით,
ოღონდაც სული შეერწყას ნათელს.
სხეულმა ჩემმა – არილმა მთვარის,
რომ ერთხელ მაინც გაინავარდოს,
ბაგეთა შენთა სურნელით მთვრალი,
აღარ დატოვებს მიწას არასდროს.
7.
დაღლილი ქარის ხმაურს რომ ვისმენ,
ეს შენ მეძახდი, მიხმობდი გუშინ;
მზესუმზირა რომ იღერებს კისერს,
ეს შენი ყელი მზეობდა გუშინ;
განთიადი რომ გადიკრავს მზისფერს,
ეს შენი ღაწვი ფერობდა გუშინ;
ბროწეული რომ სიწითლით მიმზერს,
ეს შენი მკერდი იწვოდა გუშინ;
ტანი ალვის რომ იწევდა ცისკენ,
ეს შენი ტანი ნათობდა გუშინ;
ჩვენი ცხოვრება რა არის ისე,
სიკეთის მარცვალს თუ არ ჰყარი ხნულში?!
8.
ის, რაიც შენგან მე დღეს მაცილებს,
მხოლოდღა ციდა არის მანძილი,
რომ გაუშლიათ ფრთები ნარინჯებს,
გაწუწულია ცრემლით, ცვარ-წვიმით,
სიტყვა, რომელიც მე მომანიჭებს
მარადისობას, მზით მაქვს აცრილი.
მიწას, რომელსაც მე ზედ ვაბიჯებ,
შენი სხეულის არის ნაწილი.
მზემ ოქროსფერი გაჰფინა ბადე,
ვარ გალუმპული სხივების თქეშით,
ეს ყველაფერში ჩვენა ვართ, გწამდეს,
და ყველაფერი ჩვენშია, ჩვენში.
სიკვდილი მუდამ სიცოცხლეს ჰბადებს,
და სიცოცხლეა სიკვდილის თესლი,
ვერ გამიგია, რას დარდობ ამდენს?!
წამსვლელი უნდა წავიდეს, გესმის?!
9.
მეხსიერება სასაფლაოა,
ძვირფას ხსოვნას რომ
კრძალვით ინახავს,
მეხსიერება სევდის წყაროა,
შენ კი, სიკვდილო, მითხარ, ვინა ხარ?!.
ცხოვრებას ჩვენსას ასე რომ განსჯი
და ყოფას ჩვენსას ასე განაგებ?!.
ჩასაფრებულხარ მარცხნივ თუ მარჯვნივ
და კვნესის ჩემი ბედის ალაგე.
ნუთუ არ გეყო, ეს გული ჩემი
სათალივით რომ ჩეხე და თალე,
ნუთუ ვერ ამჩნევ ისრებით მწველით
საგულდაგულოდ დაშანთულ თვალებს?!.
ქვეყანად არც მე ვარ, მწამს, ერთადერთი
განუკითხავად რომ ტანჯეს ასე,მე კი არა და თვით ქრისტე ღმერთი
ურცხვად, უნიჭოდ გააკრეს ჯვარზე.
მეც ჯვარცმული ვარ ასგზის, ათასგზის,
კარგად გაიგეთ, კარგად იცოდეთ!
და ყოფნა ჩვენი იმად არა ღირს,
რომ ქედს ვუხრიდეთ
სიკვდილ-სიცოცხლეს.
10.
გაუგებრობის გაგებას ველტვი,
ერთად ზეიმობს შავი და თეთრი,
არ ხარ არვისთვის და არ ხარ ჩემთვის,
ხარ შეუცნობი ისე, ვით ღმერთი.
ვზივარ და ვტირი სისხლიან ცრემლით,
დევს მაგიდაზე პურის ნარჩენი,
გადანისლულა მწვერვალი ვრცელი,
არა, არა ჩანს გზა გადარჩენის.
თეთრი პერანგით დგას იკაროსი
იქ, გადარაზულ კართან სამოთხის
და ვხედავ მამულს ლაფში ამოსვრილს
და ვხედავ მამულს
სისხლში ამოთხვრილს.
ეს მე ვარ შენი ძეც და ასულიც,
გააქვთ ლაპლაპი სისხლის სანახებს
და მზე ზეიმობს, ვით აღსასრული,
ბედი მამულის არვის ანაღვლებს.
ვაი, ჩემს პატრონს, ვაი, ჩემს ყოფას,
რისი ქართველი?! – მიდი და ძარცვე,
ნიღბის ქვეშ რატომ იღვრები ოფლად?!.
წუთისოფელი შეგვრჩება არც ერთს.
და ნიღბოსნებით სავსეა ქუჩა,
ტყე თუ ტაფობი, ბარი თუ მთები
და ძარცვას ჩვენსას ბოლო არ უჩანს
და ჩვენივ სისხლით
ვლოთობთ და ვთვრებით.
`თავისუფლება~ – ვისწავლეთ სიტყვა,
თავისუფლება ვინა თქვა მონის?!
სულ ტყვილად ითქვა, რაიც კი ითქვა,
მიტომც ზეიმობს სულში ამონი.
რა მშვენიერი მითია მართლაც,
ძმა ძმასთან წვება, შვილი – დედასთან,
დამპყრობი რუსი
ჩვენს სარდალს ნათლავს,
გადახდილია, რაც კი ემართა.
ვერ შემიცვნია, ეს ვინ მოვიდა?!.
და ზეციური ერწყმის მიწიერს,
ვიღაც მოვიდა ძლიერ შორიდან
და ვარსკვლავებმა ძირს დაიწიეს,
ცნობისმოყვარე ცად ვარსკვლავებმა
და მეც შეუცნობს უხმოდ ვბარდები
და უწმინდესი, ვით აღსარება,
ავსებულია სივრცე ვარდებით.
მწუხრის ფერია ჩემი ფიქრებიც
და მწუხრისფერი ფრთები შრიალებს
და მწუხრისფერი ირგვლივ ფიფქები
გვანან განწირულ ადამიანებს.
და ვიღებ ვარდს და მივიტან გულთან,
ვით სუნთქვას შენსას,
თრთოლვით ირიბით,
ვარდივით წმინდა, ვარდივით სუფთა,
ღმერთო, შემყარე სიკვდილს პირისპირ.
გაუგებრობის გაგებას ველტვი,
ერთად ზეიმობს შავი და თეთრი,
არ ხარ არვისთვის და არ ხარ შენთვის,
ხარ შეუცნობი ისე, ვით ღმერთი.