შალამბერიძე ოთარ
გაზიარება

სიზმარი 

სიზმარში მუხა მესიზმრა, მუმლი რომ არა ჰხვეოდა,
თვალ-წამწამიან ყვავილებს მოერთოთ მთა და ხეობა,
ქორი _ წიწილას, მგელი _ კრავს და-ძმურად გადაჰხვეოდა,
ღმერთთან მიგზავნილ მწვერვალებს ნისლის ბრკე გადაჰხვეოდა...
ერთმანეთს ქოჩორს უჩეჩდნენ ლეკვები ალგეთისანი,
მათი ჰშვენოდა ბუნებას სინორჩე ბაგე-თმისანი;
არც ერთი იყო იქითის, სულ იყვნენ აქეთისანი,
ჰყვაოდა ირგვლივ ქვეყანა ღვთისმშობლის ნავეთისანი!..
არ ვიცი, მზე ამოვიდა, თუ ცის საყელო გაიხა,
შეღერებული ხარივით მთაზე გამოჩნდა კაი ყმა.
ირმებმა გრძნობამორევით დიდრონი თვალნი დალამეს,
რა ნახეს თავისიანი, ბღავილით მიესალამეს...
მზერა უჭრიდა უცხო მგზავრს, ვით ხანჯლის პირი ნალესი,
მხარზე ეკიდა ხურჯინი, მზესთან წყუროდა ალერსი;
ვაჟა-ფშაველას ვამსგავსე და უცებ მუხლზე დავეცი,
თითქოს გაქვავდა ჰაერში ის წამი უნეტარესი!..
`ღმერთო, სამშობლო მიმყოფე მშვიდობითა და ზავითა~, _
ჩურჩული მისი მიდამოს ესმოდა გრგვინვასავითა...
ვთქვი, თუ, გაგრძელდეს ნეტავი, რა ნეტარებაც მეღირსა,
არ მეპატია სიხარბე და კიდეც გამომეღვიძა!..

??????