გეგეჭკორი გივი
გაზიარება

ფშატი 

სევდა, რომელიც უხასიათო
და ჭირვეული ბავშვივით ღნავის,
არ დამშვიდდება,
გინდ მოვეფერო,
გინდ რბილ ბალიშზე დავუდო თავი;
გინდა აკვანი გადავურწიო,
შემოვუჭირო გინდ არტახები,
ეგ შენი მკერდი თუ არ ჩასჩარე,
არ მოასვენებს შენი სახელი.
სევდა ბავშვივით დიდხანს იღნავლებს,
თუკი წყურვილი ვერ მოვიკალი,
შენი მკერდიდან თუ არ გადმოხტა
გაცელქებული თეთრი თიკანი...
დადინჯებულხარ
და აღარა ხარ ის ქალიშვილი,
მე რომ უხეშად
მეპასუხება
და კაბის ბოლოს
თავაღერილი თხა რომ უღეჭავს.
ახლა შენს სხეულს,
ნაგვიანევმა ქალიშვილობამ რომ ჩამოხუნძლა
ასე ცთუნებით,
არ შემიძლია ისე შევხედო,
როგორც მოხუცმა.
ეგ მკერდი ასე როდის გაივსო
და ასე როდის გამოცალკევდა,
შიგნიდან როდის განათდა შენი
თვალები – ჩემი სასოწარკვეთა.
ეგ შენი ტანი ისე გრილია და მათრობელი,
როგორც მარანი,
შენი სხეულის მდინარის ფშანში
ჩამალულია ბნელი დარანი.
შენს დანახვაზე მე მახსენდება
აყვავებული ჭაღარა ფშატი,
რომელიც თითქოს უკანასკნელად
ამჟღავნებს თავის ვნებას და წადილს;
ან სხვებთან ერთად იცინის ველზე,
ან მარტოდმარტო ხარობს ობოლი,
ნაგვიანევი მთის გაზაფხულით
როცა ივნისში მხვდება გომბორი...

??????