ჭილაძე ოთარ
გაზიარება

* * * "სილაზე იწვა ქალი"  

სილაზე იწვა ქალი და კვალი,
ცოცხალი კვალი ქალიდან ზღვამდე.
ყველაფრის ნებას აძლევდნენ თვალებს
მეზღვაურები, რომლებიც სვამდნენ.
მზე ჩადიოდა, მრგვალი და სრული
და ბინდში კრთოდა თეთრი ქალაქი
გაბრუებული ქაფურის სუნით
და თევზის სუნით და ლაპარაკით.
მეზღვაურები ისხდნენ და სვამდნენ
შეჩვეულები ყოველგვარ ავდარს,
და სველი კვალი ქალიდან ზღვამდე,
ოცნებებს, სიზმრებს და ზღაპრებს ჰგავდა,
რომლებიც ნელა იწევდნენ მაღლა
და საბოლოოდ ქრებოდნენ ცაში,
ქრებოდნენ სხვა დროს და არა ახლა,
ახლა არავის არ სურდა ცაში.
ის იწვა, როგორც სინათლის ზოლი,
და ერთდროულად ყველა ჩემობდა.
და მიმავალი გემების ბოლიც
უბრუნდებოდა ქალაქს ზემოდან.
მზე ჩადიოდა, მრგვალი და სრული,
და ბინდში კრთოდა თეთრი ქალაქი
გაბრუებული ქაფურის სუნით
და თევზის სუნით და ლაპარაკით.

??????