ჯავახაძე ვახტანგ
გაზიარება

*** "გადაწყდა" 

გადაწყდა:
დღესვე მოვემგზავრები,
ხვალ ჩამოვალ და
ჩაგეკონები.
ხმას იმაღლებენ ჩემი ზარები,
რეკავენ ჩემი სამრეკლოები.
თოკებს ჰკიდია ასი მეზარე,
მომაცილებენ გზანი ფართონი
და მე ხმამაღლა ვამბობ მესამეს –
ჩემი ხმისა და
სმენის პატრონი,
რადგან საკუთარ თავსაც მავიწყებს
მზიანი დღე და
კარგი ამინდი;
თვალი უცინის ყველა მასპინძელს,
მაგრამ შენს იქით მაინც არ მიდის.
მხოლოდ შენს ძახილს ვეხმაურები,
შენსკენ მოვყვები ქარებს საყვარელს,
ასე ყვირიან მეზღვაურები,
როდესაც მიწას დაინახავენ.
მე გულის პირველ ნათქვამს ვუჯერებ,
არ მავიწყდება სიტყვა ნაფიცი;
ასე მგონია,
ქვეყნად უშენოდ
არ გადამიდგამს ერთი ნაბიჯიც.
ეს გაზაფხულიც მალე წავიდა,
რადგან არ იყო სხვაზე ნაკლები;
ასე მგონია,
თვალი წამითაც
რომ მოგაშორო –
დამეკარგები...
გადაწყდა:
დღესვე მოვემგზავრები,
ხვალ ჩამოვალ და
ჩაგეკონები.
ხმას იმაღლებენ ჩემი ზარები,
მღერიან ჩემი სამრეკლოები.

??????