ჯავახაძე ვახტანგ
გაზიარება

*** "გაფითრებული იდგნენ ქუჩები" 

გაფითრებული იდგნენ ქუჩები,
იდგა მაღალი მოხუცი ქარში
და ცას უმზერდა,
მე მას ვუმზერდი,
როგორც ტაძარში შესული ბავშვი.
ის მოდიოდა ჩვენკენ შორიდან,
რომ დავენახეთ ყველაზე უკეთ,
მაგრამ იმდენად ახლოს მოვიდა,
ვერაფერს ვეღარ ხედავდა უკვე.
მაინც არ ანდო სული იუდას,
უარყო მშვიდი დღეების ტივი,
ზოგმა გაუგო,
ზოგი მიუხვდა
სიყვარულივით დამალულ ტკივილს.
ესიზმრებოდა ყოველღამ დედა,
რომელიც იდგა შუადღის ჩრდილში,
ბევრი დაკარგა,
დედასთან ერთად
დაკარგა დედის დაკარგვის შიშიც.
აკვირდებოდა შორიდან შურით
უზრუნველ ძილში ჩაძირულ სახლებს,
იკარგებოდა
უცნობებს შორის,
ემალებოდა
საკუთარ სახელს.
და ფანჯრებამდე სავსე ქუჩები
ათრობდნენ,
როგორც ათრობდა სარკე,
ის მზეს უმზერდა,
ჩვენ მას ვუმზერდით,
როგორც სნეული უყურებს სარკმელს.
ფრთებივით იგრძნო დაფნები ხვალის,
რომლებსაც მთელი სიცოცხლე მისცა,
და,
როცა ცისკენ გაექცა თვალი,
თავის ძეგლივით დააკლდა მიწას.

??????