სეიდიშვილი ლადო
გაზიარება

ანტიგონე 

ქ-ნ ზინა კვერენჩხილაძეს
კრეონტს დაუჯერე, ანტიგონე!
გამიგონე:
თოჯინასთან თამაში მოიგონე...
მეფის ჭკვიანური დარიგება –
არ გაიგონო არ იქნება,
სიკვდილთან შეიძლება გარიგება?!
მაშინ სიცოცხლე რა იქნება,
მაშინ სიცილი რა იქნება,
ან სიყვარული რა იქნება,
თუ მოხდა სიკვდილთან გარიგება?!
მაშინ ხომ იქნები, ანტიგონე,
თუკი არაფერი არ იღონე?
შენც ადექი და შეიგონე,
ჩემო ცელქო გოგო, ანტიგონე!
ფრჩხილით დაგლეჯილი ნარ-ეკალი,
ბრჭყალით გადათხრილი სასაფლაო,
ზარი – მიმწუხრისას დარეკილი,
გვამი – ყვავ-ყორნების სალაფავი...
თავს ნუ გაიმეტებ, ანტიგონე!
როგორ დაგიძარღვდა ყელი ბროლის...
ვითომ შენნაირი აქტიორი
სადმე კიდევ იყოს ბარეორი.
მე ხომ ეგ თითები მებრალება...
მე ხომ შენი ყელი მენანება _
პიზის სვეტებივით გადახრილი,
ხმების ჩახლეჩამდე დავანება,
თმები გადმოყრილი დალალებად,
მკერდის შემართული ბალდახინი.
გეაჯ... შეიგონე, ანტიგონე!
გეხვეწ... გამიგონე, კარგო გოგო,
რითაც ანტიგონე ანტიგონობს,
რითაც ლამაზია,
რითაც მწყაზარია,
რითაც ბრწყინვალეა – დაივიწყე!
მაშინ რიღასი ხარ, ანტიგონე,
თუკი არაფერი არ იღონე!
წესის აგებას გთხოვს ხორციელი...
ახლა ვერაფერი ვერ გიშველის –
შენმა უცნაურმა საქციელმა
უკვე გადარია ბიძაშენი:
რად დაიტირეო პოლენიკე?
ო, რა ჯიუტი ხარ, ანტიგონე!
ჯერ არ არსებულა ორი ნიკე –
იქნებ შენ თვითონ ხარ ის ქალღმერთი,
ახლა შენზე როა მელოგინე.
ოღონდ ააღელვე ჩვენი სული,
ოღონდ განიწმინდოს ჩვენი გრძნობა...
გეაჯ... ერთი ნატვრა აღმისრულე –
კიდევ ითამაშე ერთიგზობა!კრეონტს დაუჯერე, ანტოგონე!
გამიგონე:
რაღაც საფარცაგო მოიგონე.
მე ხომ ეგ თვალები მებრალება...
მე ხომ შენი ყელი მენანება –
პიზის სვეტებივით გადახრილი.
მინდა შენი ხელით დავიმარხო
აქვე შენ წიაღში, სადმე ახლოს
შენი ბროლის მკერდის ბალდახინით.

??????