ბატიაშვილი დარეჯან
გაზიარება

ჭაშნიკი 

ვერ მოვუყარე ერთად თავი უცნობს და ნაცნობს,
უთავბოლობით შევამცირე დღეების ჯარი,
გთხოვთ, წაიკითხოთ ჩემი ლექსი, პატივი დამდოთ,
ხომ არ ჩასხმულა უნებლიეთ ჭაშნიკში წყალი?
მზემ თუ დააცხრო მომავლისთვის დაღვრილი სისხლი,
ან უდროო დროს შეაშფოთა მამალმა ბინდი,
დრო გათანგული ახლა, მძიმედ იწვოდა სიცხით,
თეთრი პიონი მიმყვებოდა დედულეთს რიდით.
რა მეშველება, რომ მომინდეს გაფრენა შორეთს,
განა სანდოა ღრუბლის ჭრელი ლიანდაგები?!
რაღაც მაგიურს უსხეულო ლანდს ვეამბორე
ძირს მიმოფენილ ამდროინდელ `ფიანდაზებით”.
ვერ მოვასწარი ჩამეხარა მუხლი და უკვე
ყოველი მხრიდან ახლოვდება ზვავთა გრუხუნი.
მოცლა არა აქვს ცრემლებისგან ჩემს თვალთა უპეს,
წუთი-წამიდან მოჩვენების დამდევს უკუნი.
გთხოვთ, წაიკითხოთ ჩემი ლექსი, დამდოთ პატივი,
უთავბოლობით შევამცირე ფიქრების ჯარი,
ინებეთ, ვიდრე მიწიერი არ ვარ მარტივით,
ვიდრე მიმლამავს სადმე ნაპირს ხორშაკი ქარი.
მე საუკუნეც არ მეყოფა... ბოლოდან პირველს,
ვთხოვ, კრიალოსანს, _ არ დათვალოს დღეები ჩემი,
ვიდრე ცხოვრება უარესად გამინაპირებს,
მსურს, ვიცოდე საბოლოო მე განაჩენი...

??????