იყავ ქალური
ნუ შემინელებ ცეცხლს სიყვარულის
და ნუ მომაკლებ სითბოს მეგობარს,
გულჩვილი იყავ,
იყავ ქალური,
მე ვაჟკაცობა ჩემიც მეყოფა.
აგორებულ ქვას ნუ ემგვანები,
რაღაც უხილავს ნუ ეტმასნები,
ჩვენ გველოდება ჩრდილი ალვების,
ახლა ჟამია მთვარის ავსების...
გაიწკრიალე უნაზეს სიმად,
პოეტის ჩანგად,
ოქროს ზარებად,
სიცხეში ჩემთვის მოსულო წვიმავ
და ყიამათში გამოდარებავ.
თუ გზაზე ვინმე გადაგვეღობა,
მოჰყვა შარსა და ნიავქარობას,
მე ვაჟკაცობა ჩემიც მეყოფა,
არ მომანატრო შენი ქალობა