აბუსელიძე როინ
გაზიარება

ინდივიდუალური ლექსი (სარკესთან საკითხავი)  

„მე მახსოვს ისლის პატარა ქოხი,
ბუნდოვნად,
მდ. ჭოროხთან ახლო,
ასევე მახსოვს რომ იდგა ორ ხიდს
შუა, გადაღმა - მონათა ბაზრის,
სადაც ყოველთვის მხვდებოდა ხოლმე
ერთი ლამაზი გოგონა ლაზის.

ხატიჯე ერქვა, ეფარა ჩადრი,
ჩემსას ვერაფერს იგებდა, მაგრამ
ვდგებოდი დილით ძალიან ადრე
რომ დამენახა,
ღმერთია მოწმე,
ერთ შობა დღეს კი სულ მარტო შემხვდა
და მთელი ღამე ქართულად ვკოცნე.

შემდეგ გვიყვარდა ერთურთი დიდხანს
შემდეგ გავიგე დანიშნეს სხვაზე
და როგორც ხდება წუთი წუთს მიჰყვა
და როგორც ხდება დავშორდით.
ლაზეთს -

ჭოროხის სუნი დაჰქონდა იმ დღეს,
წაეღო ცამდე სოფელი ბღავილს,
მე კი მე მხოლოდ საღამოს მითხრეს,
რომ ცხრა თვის ორსულს მოეკლა თავი..“
და მაშინ მოვკვდი მეც, მაშინ შვილო“

- თვალებს იწმენდდა ბუხართან პაპა,
აცრემლებული ყვებოდა შემდეგ
ძველი ტკივილით გაჟღენთილ ამბავს.
.......................................

და ხვალ შობაა და ეს ამბავი,
მივხვდი კვლავ რატომ განათდა ჩემში,
რომ ყველა შვილი არის სიკვდილი,
რომელიც უნდა გვეშვა და ვერ ვშვით,
თითქოს სხეულშიც კრთება ღირსება
სულში კი უფრო მატულობს გრძნობა -
რომ ყველა ტკივილს ამოგივსებ და
ოთხნი შევხვდებით მომავალ შობას!...

??????