მიწიშვილი ნიკოლო
გაზიარება

წმინდანიანი 

საუკუნეში ერთხელ ქვეყანას
მოევლინება წმინდანიანი-
ცეცხლის მფრინველი, მთოველი ცოდვის
და როგორც გველი- წვრილტანიანი.

აითვალთვალებს ღამით მაღლობზე 
საყდრის გალავანს, მგზავრი შორითი.
და დააცხრება წვერმაღალ ნაძვებს,
ვით მოწყვეტილი მეტეორიტი.

ძირს, დახავსებულ მუხის საყდარში
შეშფოთდებიან სულ წმინდანები.
ისე იელვებს ხატებთან შუქი,
ვით დამარცხებულ მტრის წინ დანები.

დამბლა ეცემა წმინდა გიორგის
და გველეშაპიც მოუჭერს რკალებს.
მარიამს შვილი ხელთ გავარდება
და პეტრეს შიში ააკანკალებს.

ქრისტე წამებით ჯვარს გადატეხავს,
გაიშვერს ხელებს ცხელ ლურსმანებით.
გუმბათზე თვალი დაიხუჭება,
შეშფოთებული გველურ ზმანებით.

თუ ვინმე ამ დროს გაივლის ახლო
თავს დაემხობა ცეცხლის სვეტები.
ავი სახადით დასნეულდება
და ჭკუას მოსწყვეტს კუპრის წვეთები.

დილამდე გასტანს საყდართან ბრძოლა
და რიჟრაჟამდე სული ცდომილი
არ მოსცილდება საყდრის გალავანს -
დაუძლევი და მიუწვდომილი.

დილით გაჰქრება ცოდვის ფრინველი,
კივილით ღამეს გაეკიდება,
ცეცხლის ნაკვერცხლებს დააყრის ხეებს
და ტყეებს ცეცხლი წაეკიდება. 

??????