ვერახდენილი სიზმრებიდან
ჩემო სიშორევ,
ჩემო სულო, ჩემო სინათლევ,
თეთრი ფიფქებით გადაპენტილ ნატვრის ხეებზე
ახლა ეჭვები-
გაყინული ზამთრის ფიქრები,
შიშის კუთხეში დამალული მახეებია,
რომ შემატოვე მაგ თითების ანაბეჭდებად,
რომ შემატოვე მაგ ტუჩების ანაბეჭდებად,
რომ შემატოვე შენი სუნთქვის ანაბეჭდებად
და წყალს მოყოლილ სიზმარივით სადღაც წახვედი...
ჩემო, არც ჩემო,
მაინც სითბოვ, სულის სახადო,
მოდი, სხეულზე ეს სიკერპე ფრთხილად გამხადე,
მოდი, თვალებით გამახსენე ყველა ლოცვა და
მე კვლავ სურვილებს გადავმალავ, სანამ ნახავდე,
სანამ ჩურჩულით მოგიყვები, როგორ შემომრჩი
სისხლში და გულის ნაცვლად როგორ მიდი-მოდიან
ღრუბლები ახლა მკერდში მძიმედ და როგორ მახრჩობს
შენთან ვერყოფნის, უშენობის ეს რია-რია,
რომ მიხშობს სმენას
ერთო ჩემო,
ჩემო სიცოცხლევ,
ჩემო სიფითრევ, შემოყრილო ჩუმად სახადო,
შორი სიმშვიდის ჩაუქრიათ მზე ანგელოზებს,
ცა ლურჯის ნაცვლად მიწისფერით არის ნახატი,
რომლის ქვეშ უხმოდ ამ ცხოვრებას ვუხდი პარაკლისს,
ტკივილებს ვაკმევ მარცვალ-მარცვალ მკრთალი მუჭიდან
და თუ ოდესმე, ღმერთმა ქნას და
მე გადაგირჩი,
და თუ ოდესმე, ღმერთმა ქნას და
მომისაკლისებ,
მოდი და
მკერდში ჩატოვებულ უშენობაზე,
მოდი და
სისხლში გათეთრებულ უშენობაზე,
მოდი და
ყელთან, მობეზრებულ უშენობაზე
სიკვდილის ყულფად ცხელი სუნთქვა გადამიჭირე.