ქელეხიძე ნანა
გაზიარება

წითელი ზონა  

                      "არ გინდა, გთხოვ, მონატრებაზე ლაპარაკი..."
                                                                                                                      - - - - -


რა მონატრება...
სიცხით გამლღვალ ქალაქის ქუჩებს,
ხვითქი გადასდის სიჩქარისგან,
რომ არ ჩამორჩეს,
გრძელ მარათონში ფორთხიალა ამ საუკუნეს...

ამოანგრიე ხის ფანჯრები ძველ კედლებიდან,
მერე მეტალოპლასტმასების უჰაერობით
ადექ, ბოლომდე ამოქოლე შენი ოთახი
და როცა შიგნით ყველა გრძნობა დაიხუთება,
შესაფერისი ნაბიჯებით- აუჩქარებლად,
მიდი შუშასთან და ქვადქცეულ დეკორაციებს
საკუთარ თავით კმაყოფილმა მიაყურადე -

არ ისმის ჩქამიც...

დავსხდეთ და მშვიდად ბარელ ნავთზე ვილაპარაკოთ,
ბევრს რომ ძარღვებში სისხლის ნაცვლად დაუდის ბლანტად
და გული- ძვირადღირებული ბურღი, თუ პომპა,
ფორმულით გათვლილ დაზუსტებულ შეგრძნებებს ქაჩავს.
აღარ მომიყვე ერთი სიტყვაც იმ წიგნის გვერდზე,
სადაც წერია, რომ შენ მიცდი კვეთაზე გზების,
ჩემს შეხებამდე გგონია რომ სიცოცხლე გავა
და მოუთმენლად ჩემს სილუეტს თვალებით ეძებ...
არ გამაგონო! ჩავდოთ ყუთში. შევკრათ ზონარით
და ყუთზე წითლად მივაწეროთ:
დუმილის ზონა.
რა მონატრება... სიყვარული... იგავ-არაკი...
მოდი, მსოფლიო კრიზისებზე ვილაპარაკოთ.

ტონალობაზე მწვანე ფერის ვილაპარაკოთ,
მომწვანო ფერის ხმატკაცუნა კუპიურების
ჰოლოგრამებით უკვდავყოფილ პრეზიდენტებზე,
დიდი ქვეყნების ხელოვნურმა დეპრესიებმა,
იქნებ როგორმე აგვიჩუყოს მერე გულები...
ჩვენს გაზაფხულს კი (წუთითაც კი არ გამახსენო!),
ჩვენი იანვრის გაზაფხულს კი მოვაწყოთ ქვები,
მოვაპირკეთოთ შავად მბზინავ მარმარილოთი,
საგულდაგულოდ მოვალაგოთ წყებად და წყებად
და მივაწეროთ წითლად:
ზონა დავიწყებისა.
რა მოლოდინი... ერთგულება... რა სავსე მთვარე...
მოდურად კურსის აწევა და დაცემა ვთვალოთ.

ჩქამიც არ ისმის.
ხის ფანჯრები შემოილეწე.
მარტივ მეტალოპლასტმასების უჰაერობით,
შენს ცხოვრებასაც სათანადო მოუწყე ფართი,
სადაც ზაფხულის სიცხისაგან პირგამშრალ ქუჩებს,
ბოშა ქალივით გაუშლია სახლი-კარტები...
მერე დავსხდეთ და ვისაუბროთ პოლიტიკური
დაძაბულობის კერებსა და ეკოლოგიურ
კატასტროფების ზონაში მყოფ აბონენტებზე...
ჰო, რა დროს ჩვენი გრძნობებია,
რა მონატრება-

არ გამახსენო...

??????