მშობლიური გაზაფხულის მონატრება
ასე შერწყმული, ბრეიგელის კოშმარულ ხილვებს.
ახლა დავფრინავ,
ჯურღმულებში ნათრევ-ნაგვემი,
მეორე ვალსის სიმაღლეზე,
არც ისე მაღლა,
თვალი ვერ მოვკრა, აყვავებულ მსხლებს და ალუბლებს,
წითლად დაწინწკლულ მწვანე ფერდობებს,
სადაც ბალახობს, შეფენილი ნახირი სოფლის.
თეთრი მდინარის, გახურებულ ქვიან ნაპირებს,
ეზოებს, ბავშვებს მოთამაშეს პატარა ხბოსთან.
ცრემლი მდის, დედას კი ჰგონია წვიმას აპირებს,
იფერთხავს კალთებს ნაღვლიანი
და ტოვებს ბოსტანს.