იმედი
შენ მოხვალ ჩემთან
და ჩუმი ლოდინით დამძიმებულ სულს
გადაეხსნება სარქველი მძიმე,
სისხლი ძარღვებში ნაკადულივით დაიწყებს კისკისს
და განათდება ჩემი გული - პაწია მღვიმე.
შენ თეთრ ღრუბლებში გაეხვევი
და თეთრი სამოსი დაფარავს სახეს,
საოცნებოს და მიმზიდველს ასე...
ვიცი, რომ მოხვალ და როგორც მაშინ,
ღიმილით მეტყვი,
რა ძალა აქვსო სიყვარულის უხილავ ძაფებს!
მაგრამ იქნება მაშინ, ალბათ, ძალიან გვიან
და მე ვიპოვი შენს ნათქვამში ღრმა
სევდის ხაზებს.