გოგუაძე ნელიკო
გაზიარება

ჩემს ძვირფას მამას 

მე შენ მახსოვხარ ჭურის თავზე დამჯდარი ჯამით
და ვაზის ძირში ჩამუხლული, ვით ქანდაკება.
მე შენ მახსოვხარ თოხით ხელში ყანას წასული,
წამით შემდგარი შუბლზე ოფლის შესამშრალებლად.
მე შენ მახსოვხარ ნაჯაფარი და გადაღლილი,
მაგრამ არასდროს გამიგია წუწუნი შენგან.
რა დამავიწყებს შემოდგომით სავსე შენს თვალებს,
ჩუმი ტკივილით გამოწვეულ შენს ლამაზ სევდას.
გაიღებოდა ეზოს კარი ჭრიალით როცა
ვიცოდი, მამა მოდიოდი მხნედ და ძალუმად.
ახლა კი, ნეტავ, რა იპოვა სიბერემ შენში,
რომ მოგტეხა და ასრერიგად დაგაძაბუნა.
მამა, ძვირფასო, მოდი ერთად ვებრძოლოთ მაგ წლებს,
რომ კვლავ მახსოვდე მხიარული და ვაჟკაცური,
ისეთი, როგორც დაგინახე, ვით ქანდაკება
ვაზის ძირებთან ჩამუხლული, შუბლდაცვარული.

??????