დათო კრაწაშვილის ხსოვნას
ყველაზე მძიმე ის ფიქრი ყოფილა,
უთქმელი რომ რჩება გულში.
ყველაზე მძიმე ის სევდა ყოფილა,
დიდხანს რომ ვინახავთ სულში.
შენ შენი ოცნება ქაღალდზე დახატე,
მე ლექსში ვეცადე, მეთქვა,
ორივეს დაგვქონდა ლამაზი ნატვრები
და ვზრდიდით ოცნებას, ფერადს.
შენ იყავ მდუმარე, ვით სვეტიცხოველი
(დუმილიც ბევრ რამეს იტევს)
და დიდი, წყლიანი, ლამაზი თვალებით
ხატავდი ბავშვობის სიზმრებს.
გიყვარდა რაფაელ და მიქელანჯელო,
გიყვარდა ოცნება ლურჯი,
შენ დადიოდი პატარა მეოცნებედ
და დიდი მხატვრების ფუნჯით.
და შენი სხეული ღრმა ფიქრებს იტევდა,
ჩქარობდი, ჩქარობდი ძლიერ. . .
უთქმელი რომ რჩება, ის ფიქრი ყოფილა
ამ ქვეყნად ყველაზე მძიმე.