რული მოგივა ქალაო
რული მოგივა ქალაო
დაგეძინება მკლავზედა,
მძინარეს დაგესიზმრება
ვითომ, შენ ზიხარ ჯარზედა,
ტანს თეთრი კაბა გაცვია
ამოქარგული მკლავზედა,
გვერდს მეფე გიზის ლამაზი
მზე დასდგომია მხარზედა.
ვითომ ღვთის ანგელოზებიც
დაგტრიალებენ თავზედა,
გაგეღვიძება უეცრად
აე მაგ სანახავზედა-
რას ნახავ, ღმერთმა გაიგოს
ამ ბეჩავ ქვეყანაზედა.
2.
რული მოგივა ქალაო
დაგეძინება მკლავზედა,
ქმარი გაიგებს თოფს დაგკრავს,
რაკი გასცვალე სხვაზედა,
ქალი და კაცი დაგძრახავს
ბრალს დაგდებს ქვეყანაზედა,
ერთ კვირას არ გიგლოვებენ
იქნებ არც მოვლენ მკვდარზედა,
სახელსაც არ დაგაწერენ
ცივი სამარის ქვაზედა.
3.
რული მოგივა ქალაო
დაგეძინება მკლავზედა,
მოგივლენ ამბისმტყობარნი
საშინელ ზარის ხმაზედა,
გეტყვიან, ქმარი მოგიკლეს
აქ ასვენია კარზედა,
ლამის რო ჭკვიდან გადასცდე
ისე იგლოვებ ქმარზედა,
ხედავ რო ვიღაც გაღვიძებს
შეწუხებული ძალზედა,
რას ხედავ, ქმარია
ხელით ცრემლს გიშრობს თვალზედა.
თეთრი თმა- წვერით დაბერდით,
გამრავლდით ქვეყანაზედა.
1995წ.