დილაუთენია
დილაუთენია დგებოდა პაპა და სახრით
მზეს ერეკებოდა მთებიდან და ღობის სართან
აბამდა... ბებრას კი გულივით უცემდა სახლი,
ყოველთვის როდესაც კალთაში იდებდა სართავს.
იჯდა და მოხუცი ეზოში ალიონს რთავდა,
დილა კი - ხარივით მოსდევდა დაგრეხილ ბაწარს
(ცას სასთუმალივით სოფელი დაედო თავთან...),
იჯდა და ბებია წინდაზე ჯვრებს ქნიდა, რაც არ
ენახა არასდროს... (თუმცაღა ახსოვდა ლოცვა,
იცოდა, ოდესღაც საყდარი სოფელშიც მდგარა,
რომელსაც გუმბათი მწიფე რკოს ქუდივით მოძვრა
და ბეწვის ხიდივით სოფელსაც გაუწყდა „ჩარა“! -
რას შევცვლით, ქართველი ქართულად გამომწვარ აგურს
თუ ხელის კანკალით მეჩეთის კედლებზე დებდა?!
ბეშგილს და გიორგის ეძინათ და მამა-პაპურ
„დაჲ შჳილოს“ მღეროდა ორივე აკვანთან ბებრა).
...
დილაუთენია დგებოდა პაპა და სახრით
მზეს ერეკებოდა მთებიდან და ღობის სართან
აბამდა... ბებრას კი გულივით უცემდა სახლი,
ყოველთვის როდესაც კალთაში იდებდა სართავს.
2 თებ. 2012 წ.