ასათიანი ლადო
გაზიარება

მანანა ორბელიანის სურათზე 

შენ, შაოსანო, შავთვალავ, შავ სამარეში გძინავს,
ჯერ კარგად არც კი გამთბარა ჩემი პატარა ცირა.

შენი სახელი დავარქვი, მინდა შენ გგავდეს მარტო,
ერისთვის ქალო, ფიქალო, მკერდბუმბერაზო ვარდო!

მინდა, რომ შენებრ ელავდეს და იყოს შენისთანა,
სამშობლოსათვის ღელავდეს, სანამ ჰხედავდეს - მანამ,
მინდა, რომ შენებრ კერავდეს ის საქართველოს ალამს.

პირმოქარგული ბალიშით, ძვლის ყაისნაღით ხელში…
შენი მარილი გამოჰყვეს, შენი წარბების ეშხი,

შენსავით გაიშრიალოს, ხმელეთი გადალახოს,
ქალობა დაიმკვეხაროს, ცა და ქვეყანამ ნახოს.
მე კი, თუნდ მიწა მეყაროს სადმე, თბილისის ახლოს...

შენ, შაოსანო, შავთვალავ, შავი სამარე გფარავს,
ჩემი მანანა აკვანში ხან გაიცინებს, ხან არა,
ია და ვარდი ეტრფიან, ეტყვიან იავნანას.

1941

??????