პოეტი და ბრბო
პოეტის ჩანგი შთაგონებული
არა გულდასმულ შეხებით ჟღერდა.
იგი მღეროდა. . . გაოგნებული,
ცივი, უვიცი ხალხის კრებული
აზრდაბნეული უსმენა ერთად.
და ასე სჯიდა ბრბო უმეცარი:
"ნეტა რად მღერის ტკბილად ძალიან?
სმენას აოცებს ხმა უეცარი,
მაგრამ აქ ჩვენთვის რა მიზანია?
რას აფანტურებს - ცოდნას გვაძალებს?
გულს რად აღელვებს, ან რად აწვალებს,
ვით ჯადოსანი დაღის დამჩენი?
მისი ხმა ლაღი ქარის დარია,
მაგრამ ქარივით ნაყოფ მკვდარია
და ჩვენთან ნაკლებ გამოსაჩენი".
პ ო ე ტ ი
ხმა ჩაიკმინდე, უგნურო ხალხო,
ვარამის, ჭირის მონა ვალგახო,
მძაგს შენი სფოთვა და შედავება,
მატლი ხარ მიწის, სხივის არმქონი,
სარგებელს ელი - სასწორზე სწონი
შენ ბელვედერის უკვავ ღვთაებას.
შენ გამორჩენა აქაც გჭირია,
თუმცა ღმერთია ეს ქანდაკება,
შენთვის ქოთანი უფრო ძვირია,
საჭმლის სახარშად გამოგადება.
ბ რ ბ ო
არა, თუ შენ ხარ ზეცის რჩეული
ღვთის ელჩი, მიწას შემორჩვეული,
ხალხს მოახმარე მადლი ცხოებული,
გაჰკურნე გული გაცეცხლებული,
სულმდაბალი ვართ, შურით ძლიერი,
ბოროტი, ურცხვი, არმადლიერი,
საჭურისივით გულის მქონები,
მაბეზღარი და ბრიყვი მონები.
ჩვენ მრავალ ცოდვით ვართ უბედური
ცოდვა მოყვასის - გულის მწველია,
მოგვეცა სწავლა ჩვენ გაბედული
და ჩვენ მოგისმენთ უეჭველია.
პ ო ე ტ ი
შორს გამეცალეთ - რა ესაქმება
თქვენდამი პოეტს - მშვიდობის მთესველს.
გარყვნილებაში ქცეულნო ქვებად
ვერ გაცოცხლდებით ვერც ჩანგის ხმაზე.
სულს სძულხართ როგორც კუბოს ფიცარი,
ღვარძლის, სირეგვნის საქმე ის არი,
რომ თქვენ ხართ წელში გამართულები
შოლტით, ნაჯახით და ურდულებით.
მაინც მონებო, დადუმდით, კმარა! . . .
თქვენს ქალაქების ქუჩებში მარად
მტვერს ჰგვიან - შრომა მართლაც კარგია,
მაგრამ ქურუმეს ჯერ თავის დღეში
წირვა-ლოცვა არ დაუკარგავთ,
რომ თქვენი ცოცხი აეღოთ ხელში.
არა ცხოვრების ღელვით ხმობილი,
არც ანგარების და ომის მცველად,
შთაგონებისთვის ჩვენ ვართ შობილი,
წმინდა ხმებისთვის და სალოცველად.
1828