დემონი
ყოფნის ყოველი შთაბეჭდილება -
ქალწულთა მზერა, მთები მაღალი,
ღამე ბულბულის ახმატკბილება,
როცა ყოველი დიადი გრძნობა,
თავისუფლება, სახელი, ტრფობა
და შთაგონება ხელოვნებისა
იყო მიზეზი ჩემის გზნებისა, -
მაშინ ბოროტი რაღაც გენია
გახდა ფარულად ჩემი მნახველი,
და იმ წუთებში, რაც მილხენია,
მან შეიტანა შავი ნაღველი.
შეხვედრა ჩვენი იყო მწუხარე:
მისი ღიმილი, თვალების ალი
და მეტყველება გესლით მდუღარე
სულს მიწამლავდა საოცარ ძალით,
იმედისა და რწმენისგან სცლიდა
ცილისწამება მისი გონებას;
მშვენიერებას ოცნებად სთვლიდა
და დასცინოდა ზეშთაგონებას.
თავისუფლებას, სიყვარულს ჰგმობდა,
იყო მქირდავი მიწის და ცისა,
და კურთხევისთვის უღირსად სცნობდა
მთელს ბუნებაში ყველაფერს ისა.
1823