ალბომში
როგორც ნაპირთან ტალღის ხმაური,
ვით ტყეში ღამის ხმა უცნაური,
გაქრება მისი გამოძახილი.
ხსოვნის ფურცელზე დარჩება იგი,
მსგავსი წარწერის საფლავის ქვაზე,
გამოუცნობელ, უცხო ენაზე,
ვით მკვდარი ნიშნების უსულო რიგი.
ცხოვრება - ყოვლის დამვიწყებელი -
ჩემს სახელს წაშლის თავის ჩრდილით,
ის ვერ იქნება შენი მხლებელი,
ვით მოგონება ნაზი და ტკბილი.
როცა გაგწირავს იღბალი მტრული,
მაშინ მახსენე შენ მწუხარებით.
სთქვი: - ქვეყანაზე არსებობს გული,
სადაც მაქვს ბინა შეუდარები.
1830