თეთრო შინდო...
".... და რქუა ესრეთ: "და მუნ იქნება შინდი
თეთრი ერთი... და უშენე მონასტერი ერთი
დედასა ღვთისასა"... ხოლო რაჟამს მოიყუანეს
შუამთასა, იხილა ადგილი იგი... და შინდი თეთრიცა".
"ქ ა რ თ ლ ი ს ც ხ ო ვ რ ე ბ ა"
შუამთაში ვნადირობდი,
დაგინახე, თეთრო შინდო,
შავბნელ ტყეში თეთრად თოვდი,
თეთრო შინდო, თეთრო ბინდო.
სხვა ხეებში მდგარო კენტად
ჩემ შავ ქოჩორს შენ ათოვდი,
აფრენილო ცაში მტრედად,
შავ ცას თეთრად შენათოდი.
თეთრი კაბის შარიშურით
ტყეთა თეთრი ლამაზმანი -
ჰგვანდი, ჩემი დანიშნულის
საქორწინო კაბას ჰგვანდი...
ვაი შენ, ჩემო თეთრო შინდო,
რაც შენ ფიფქი დამათოვე,
ამ თვალებში საამინდო
ვარსკვლავებად კამათობენ!
შენ რომ გიმზერ, მარტო მაშინ
ცოცხლდებიან იმედები,
ამ თოვაში, წყნარ თოვაში
ვთეთრდები და გიბერდები.
რა ვიცოდი, თეთრო შინდო,
თუ სიყვარულს დამათოვდი,
გამოსული სარაინდოდ
ამ უღრანში გავმარტოვდი.
თუმცა გულის გალავანი
დამენგრა და დამენაცრა -
აქ ჩავაგდე ბალავარი,
ავმაღლდი და აველ ტაძრად.
შენი ტრფობით ნახარები
თეთრ ტაძარში შევდექ ბერად,
აჰა, შენთვის გავყარიბდი,
სიყვარულის ვიწყე მღერა.
შენთვის დავჯექ ლექსთა წერად,
გიბედავ და ვერც გიბედავ,
ხეო, ღირსო სიყვარულის
მეფეთა და ხელმწიფეთა!
1962წ.
თბილისი.