ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

ხიხანის ხათრით 


                            მამია ვარშანიძეს


ხიხანზე ასვლა ახლა ისევ დამიდგა თვალწინ
და გაბზარული, წართმეული წინაპრის რჯული
ცივ ქვის მზერაში, გახსოვს, ლოდთან ჩაფლული ჭური,
ბადაგის წვეთი, რომ მიჰქონდა ნისკარტით არწივს?

გახსოვს აჩრდილი, თავს დამდგარი, სისხლის და ხანძრის,
თავმოკვეთილი გმირის ზეცად ასული სული?! _
თქვა: დანასავით თუ იელვებს თქვენ შუა შური, 
უარჰყეთ იგი და სიყვარულს ზიზღში ნუ გაცვლით.

ნუ ეჭვიანობ, მეგობარო ჩემო ჭკვიანო,
თუმცა, სეირის მოყვარულნი სამტროდ გვექაჩნენ,
მაგრამ გასაყოფ-საჯილდაო რა გვაქვს მე და შენ?

ის ურჩევნია მამულს, ძმაო, ძმურად ვიაროთ.
გოლგოთასავით დგას ხიხანი მშობლიურ ცასთან
და ელოდება, ელოდება ჩვენს ბოლო ასვლას.




1994

??????