სახლის საძირკვლის ჩაყრა
მოსული ხალხი, საბძელში
სუფრას მიუსხდა ჯერ...
საძირკვლის თხრა რომ დავიწყეთ,
უკვე ვხედავდი ჭერს.
დადექი, სახლო მართალო,
დრო დაგპირდება კარგს,
შენი და შენში სიცოცხლის
დიდი იმედი მაქვს,
დადექი, სახლო მაღალო,
მხრებგანიერო, ბჭევ,
სარკმლიდან გადამახედე,
მზე დამანახე ჯერ,
მერე ისეთ გზით გამგზავნე,
რომ მომენატრო შორს,
სახლო, ა, შენი პატრონი
თვით პატრონობას გთხოვს.
შენი საძირკვლის ჩაყრისას
ასეთ ფიქრებში ვარ,
და ჩუმად შენი ბუხრისთვის
ვინახავ ჯირკვში კვარს.
1988