როგორც დავადგი ფეხი...
ჩემი ბავშვობის ეზოს,
ნაცნობი ქარი ფიჭვებიდან
შემოქიქინდა
და, როგორც ბავშვმა,
მოალერსემ, მონატრებულმა,
პირზე, ყურებზე, ლოყა-ტუჩზე მომითათუნა
თავის ფაფუკი, დაწმენდილი,
რბილი ხელები.
დიახ, სიგრილე თბილი მეჩვენა,
შევაღე კარი, დავიდგი ჯორკო
და ღია კართან
გულგაღეღილი, დამუხლული,
ხმაგაკმენდილი,
მივნებდი ნიავს.
ვთქვი: ითარეშოს
მკერდზე, ყელ-ყურთან,
ამ დალოცვილმა,
ტყით, ცვრით, ბალახით შეკაზმულმა
მშობელმა ქარმა.
1994